მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 9.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

ეკონომიკა

2024 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22.1 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის II კვარტალში 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.4 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (35.7 პროცენტი), განათლება (21.3 პროცენტი), დამმუშავებელი მრეწველობა (11.0 პროცენტი), მშენებლობა (13.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (16.1 პროცენტი).

რაც ეხება კლებას, კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.3 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-1.4 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.0 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.8 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამმუშავებელი მრეწველობა (9.1 პროცენტი), მშენებლობა (8.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), განათლება (6.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები