მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მწარმოებელი და დისტრიბუცია ბაზარს პირობებს ვერ კარნახობს" - რაზე ისაუბრეს "ფასების კომისიაზე" დისტრიბუტორებმა?

ლაშა რიჟამაძე

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე აცხადებს, რომ „ფასების კომისიაზე“ მათ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია მწარმოებელ-დისტრუბუტორებსა და მარკეტებს შორის არსებულ პრობლემებზე.

ის განმარტავს, რომ ბაზარს პირობებს არა მწარმოებლები და დისტრიბუტორები, არამედ პროდუქტის შემსყიდველი მარკეტები კარნახობენ, ამიტომ მაღალი ფასების საკითხის გადაჭრაში, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირებამ შესაძლოა გარკვეული კორექტირება შეიტანოს.

„შეხვედრაზე დაისვა კითხვები რიტეილის პოზიციებიდან გამომდინარე, რომელიც წინა შეხვედრაზე დაგროვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მივაწოდეთ ინფორმაცია და სექტორის პოზიციები. რეალურად რაზეც შეიძლება ვიმსჯელოთ ის არის, რომ ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია ბაზარს სამწუხაროდ, პირობებს ვერ კარნახობს. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე არა სადისტრიბუციო კომპანია და ადგილობრივი მწარმოებელი, არამედ შემსყიდველია. მათ შორის, ვისაუბრეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს მსგავსი ტიპის ურთიერთობებში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე და ამ კუთხით რეგულირებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არსებითად იმ საკითხებს ვერ გადაჭრის, რაც შეიძლება ფასებზე კიდევ დამატებით ზეგავლენას ახდენდეს, მაგრამ დადებით როლს ითამაშებს. უბრალოდ, ეს პროცესი, ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ფორმით უნდა წარიმართოს, რომ რეალურად არც ერთი მხარე არ დაზიანდეს.

ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ის, რაც არ არის მოქცეული ჩარჩოში, პირობითად სადღაც ზედა ზღვარია დაწესებული, ე.წ. ქეშბექის, ანუ იმ გადასახადის, რასაც მარკეტი აწესებს, ახალი მაღაზიის გახსნის საფასურის გადასახადი, თაროზე მოხვედრის გადასახადი - აქ გარკვეული ტიპის რეგულირება მწარმოებელსა და სადისტრიბუციო კომპანიას პროპორციული რეაგირების შესაძლებლობას მისცემს, რა დონემდეც შეიძლება, რომ ეს ან ზღვარი დადგინდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. რასაც დადებითი ზეგავლენა ექნება ფასზე“, - განმარტავს ლაშა რიჟამაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები