მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მწარმოებლებს ეს ხარჯები რომ მოეხსნათ, ფასები განახევრდება" - რა გამოწვევებს ხედავს "ჟოლი"?

გურამ სუხაშვილი

“ჟოლის“ დამფუძნებელი გურამ სუხაშვილი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებსაც ადგილობრივი მწარმოებლები ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობისას აწყდებიან.

როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, ფასების შესწავლასთან დაწყებული პროცესი მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლებსა და ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობა დაბალანსდეს, რადგან მისი თქმით, ამჟამად მარკეტები დომინანტურ მდგომარეობაში არიან.

როგორც ის ამბობს, სწორედ ქსელებთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა განაპირობა ის, რომ "ჟოლის" პროდუქცია სრულად ექსპორტზე გადის და ადგილობრივ ბაზარზე არ იყიდება.

"ჩვენი კომპანია აწარმოებს ხილის, ბოსტნეულის გადამუშავებას, აწარმოებს საწებლებლებს, ტყემლებს, აჯიკებს, მურაბებს, კომპოტებს და ძირითადი ბაზარი, სადაც პროდუქციის 98-99%-ს ვყიდით, ამერიკის შეერთებული შტატებია. წარმოება 2021 წელს დავიწყეთ. წარმოების დაწყებიდან მეორე წლის დასასრულს შევძელით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგვეტანა. რისთვისაც ჩვენ ეს გეზი ავიღეთ და დავიწყეთ ამაზე მუშაობა, იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის პრობლემები, რაზეც დღეს ბიზნესი უკვე ღიად საუბრობს. მე სუბიექტურად მინდა, რომ ჩემი პროდუქტი იყოს საქართველოს ბაზარზე და პირველ რიგში ქართველმა მომხმარებელმა იცოდეს. დღეს ფაქტობრივად ჩვენი წარმოების შესახებ მომხმარებელმა არ იცის, იმიტომ რომ ფიზიკურად ჩვენი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე არ არის",- ამბობს გურამ სუხაშვილი.

ის გამოწვევას ასახელებს ქსელებში შესვლის გადასახადს და ქეშბექს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ეს არის შესვლის გადასახადი. მე რომ ჩემი პროდუქცია შევიტანო და მარკეტის დახლზე დავდო, ამისთვის უნდა გადავიხადო თანხა. ეს მერყეობს 15-50 ათას ლარამდე. ეს არის ძალიან დიდი ხარჯი და ტვირთი ბიზნესისთვის. შემდეგი პრობლემები ეს არის ქეშბექები, იმიტომ რომ ეს თვისობრივად აძვირებს პროდუქტს არა მწარმოებლის მხრიდან, არამედ ქსელური მარკეტების პოლიტიკიდან გამომდინარე. კონკრეტული მაგალითი რომ განვიხილოთ, პირობითად 1 ბოთლი ტყემლის წარმოება ჯდება 2 ლარი, ამ თვითღირებულებას მაღაზიაში რომ შემაქვს ვამატებ მოგებას 1 ლარს, ამ დამატებული 1 ლარიდან მე უნდა დავფარო არაპირდაპირი ხარჯები - დასაწყობების, მიწოდების, ამისთვის განკუთვნილი ხელფასები და აქედან უნდა დარჩეს მოგებაც. ამ 3 ლარს ემატება ქეშბექი, რომელიც შეიძლება იყოს 1 ლარამდე. არის, რომ ქსელები მწარმოებლებს სთხოვენ თვითონ მიიღონ მონაწილეობა ფასდაკლების აქციებში, ესეც რომ გავითვალისწინოთ ავდივართ 4.5-5 ლარამდე. აქ არა გათვალისწინებული შესვლის გადასახადი, ამას მოჰყვება საგადასახადო ვალდებულებები. ავდივართ 6 ლარამდე. ამას კომპანია უმატებს თავის 20%-ს, ზემოდან მოგებას... საბოლოოდ პროდუქტი, რომელიც შეიძლება ღირდეს 4-4.5 ლარი დახლზე ღირს 7-7.5 ლარი. მწარმოებლებს ეს ხარჯები რომ მოეხსნათ, ფასები განახევრდება. მესმის, რომ ქსელური მარკეტისთვის ეს ქეშბექები და პოლიტიკა შეიძლება მათი არსებობისთვის იყოს საჭირო, თუმცაღა სამსჯელოა, რამდენად მიზანშეწონილია ის განაკვეთები, რასაც მარკეტები მწარმოებლებს გვიწესებენ",- ამბობს "ჟოლის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები