მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწერალთა სახლს "ქართული ოცნების" დეპუტატი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

ქეთევან დუმბაძე
BM. GE
10.08.23 10:50
169

საქართველოს მწერალთა სახლს ქართული ოცნების დეპუტატი ქეთი დუმბაძე უხელმძღვანელებს - შესაბამისი გადაწყვეტილება სსიპ-ის ფორმალურმა მფლობელმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო. თეა წულუკიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, დუმბაძე სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას 2023 წლის 4 სექტემბრიდან შეუდგება.

აქამდე მწერალთა სახლს ნატა ლომოური ხელმძღვანელობდა, რომელსაც აგვისტოს დასაწყისში სამინისტროდან აცნობეს, რომ საქმიანობის "ვადა ეწურებოდა."

"2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს.

ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.

მწერალთა სახლის წინა ხელმძღვანელმა, ნატა ლომოურმა 3 აგვისტოს დაწერა, რომ ის სამინისტროს მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდიდა. 

"მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს, დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც, ჩემს გუნდთან ერთად, 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე. განსაკუთრებით ვიამაყებ დავით სარაჯიშვილის და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებით, რომლებმაც მწერალთა სახლი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად აქცია; თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალით, რომელმაც უამრავი, საქართველოზე და ქართულ ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანი შეგვძინა სხვადასხვა ქვეყანაში; მიყვარს და ვგულშემატკივრობ ყველა იმ პროექტს - ლიტერატურულ პრემიას, მწერალთა რეზიდენციას, მთარგმნელობით პროგრამებს, საქართველოს ეროვნულ სტენდებს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, მთარგმნელობით სემინარებსა და უამრავ საგანმანათლებლო ლექციას - რომლებსაც დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვაკეთებდი.

ვინც თვალს გვადევნებდით და გვგულშემატკივრობდით, ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა მუდმივი დაძაბულობის ფონზე - არ მახსენდება პერიოდი, როდესაც წყნარად, შევიწროვებისა და ფინანსური პრობლემების გარეშე გვეკეთებინა ჩვენი საქმე!

უკვე მივმართე კულტურის მინისტრს წერილით, სადაც ვაცნობე, რომ დაინტერესებული ვარ ვადის გაგრძელებით" - წერდა ლომოური 3 აგვისტოს.

ქეთევან დუმბაძის ბიოგრაფია:

"1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.
1977-1993  წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში.

გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში. ასევე, მას გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები.

1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.

1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ - ხელმძღვანელი,"- ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები