"მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ახერხებს, ეფექტიანად მიიღოს ის დაფინანსება, რომელიც სჭირდება",- ამის შესახებ SMEDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, გიგა ფაიქიძემ განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, მიუხედავად სხვადასხვა პროგრამისა, მცირე და საშუალო კომპანიების მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ექსპორტია.
"მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები მრავალმხრივია, მათ შორის, შეიძლება გამოვყოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროგრამა ხორციელდება როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო თუ კერძო სექტორის მხრიდან, მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ კუთხით განსაკუთრებული შედეგები არ გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია ექსპორტის საკითხი, ქალების ჩართულობა ბიზნესში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შესაძლებლობა არსებობს როგორც საფინანსო სექტორის, ისე სახელმწიფო პროგრამების კუთხით, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ახერხებს ეფექტიანად მიიღოს ის დაფინანსება, რომელსაც ბიზნესი საჭიროებს", - განაცხადა გიგა ფაიქიძემ.
SMEDA-ს დამფუძნებლის თქმით, ფინანსებზე ხელმისაწვდომის გასაზრდელად კერძო სექტორმა და ხელისუფლებამ მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას.
"თავად ბიზნესის მხარესაც არის გამოწვევები, რადგან იმისთვის, რომ მათ შეძლონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, თუნდაც მოწესრიგებული აღრიცხვიანობა და სწორი ბიზნეს ხედვები სჭირდებათ, რომელიც, სამწუხაროდ, საკმაოდ მწირია. ამასაც, ალბათ ობიექტური მიზეზებიც აქვს, რადგან ჩვენთან ბიზნესი ამ ფორმით საკმაოდ ახალგაზრდაა, დაახლოებით 30 წელს ითვლის და, ალბათ, გარკვეული გზა არის გასავლელი იმისთვის, რომ ეს პრობლემები შემცირდეს. სახელმწიფოს როლი, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, არსებობს პროგრამები, თუნდაც "აწარმოე საქართველოში", თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცნობიერების ამაღლებაა. ამაზე არის უფრო მეტად სამუშაო, რადგან შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს, ვერ აღწევს ბიზნესამდე და ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, ახლოს მისვლა ბიზნესთან", - აღნიშნა გიგა ფაიქიძემ.