მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე მზის სადგურებისთვის მშენებლობის ნებართვების მიღება უნდა გამარტივდეს - „მზის ენერგიის ასოციაცია"

მზის ენერგია

მზის ელექტროსადგურების ინვესტორები მთავრობისგან ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას ითხოვენ.

როგორც „მზის ენერგიის ასოციაციის” დირექტორმა, თორნიკე დარჯანიამ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, მცირე ზომის მზის სადგურებისთვის რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს და მათთვის მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა გამარტივდეს.

მისი ინფორმაციით, ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის პირველ აუქციონში გამარჯვებული კომპანიების უმეტესობას ჯერჯერობით მზის სადგურების მშენებლობა არ დაუწყია, რისი მთავარი მიზეზიც გაჭიანურებული ბიუროკრატიული პროცედურებია.

შესაბამისად, ასოციაციის ინიციატივაა, რომ მცირე ზომის, 2 მეგავატამდე მოცულობის სადგურების პროექტები მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად აღარ გავიდეს, ასევე მსგავსი პროექტების განსახორციელებლად მიწის სტატუსის ცვლილება აღარ იყოს აუცილებელი.

“აუქციონში გამარჯვების შემდეგ არაერთი პროცედურა და საფეხურია, რომელიც დროში წელავს პროცესს და ენერგოობიექტების მშენებლობის დაწყებას აფერხებს. არსებობს პროექტები, რომელთან მიმართებაშიც შედარებით მეტი მოთხოვნა და პროცედურა რელევანტურია, თუმცა მცირე ზომის მზის სადგურებისთვის მსგავსი მკაცრი მოთხოვნები არ უნდა იყოს. მაგალითად, მიგვაჩნია, რომ ორ მეგავატამდე მოცულობის სადგურების პროექტები მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად არ უნდა გადიოდეს, ეს ყველაფერი ეკონომიკის სამინისტროშივე უნდა წყდებოდეს. ასევე თუკი ინვესტორი პროექტს საკუთარ მიწაზე აკეთებს, მას სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლოზე სტატუსის ცვლილება არ უნდა სჭირდებოდეს. სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, მზის პანელების შემთხვევაში შესაძლოა, რომ მიწას სტატუსი არ შეეცვალოს. ეს პროცედურა დამატებით ფინანსებს მოითხოვს და დროშიც იწელება”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

შესაბამისი ინიციატივების წარდგენას „მზის ენერგიის ასოციაცია“ მომავალ კვირას ეკონომიკის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები