მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“მცირე ზომის მაღაზიებისთვის  POS ტერმინალების საკომისიო მნიშვნელოვანი გამოწვევაა” - მაღაზიათა ასოციაცია

ბარათით გადახდა

ბიზნესების დაცვის მოტივით, ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიო 0.5% იქნება - პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დარეგისტრირდა. ცვლილების ინიციატორები მიუთითებენ, რომ დღეისათვის პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო საკმაოდ მაღალია, რაც ბიზნესისთვის მძიმე ფინანსური წნეხია.

ყველაზე მეტად არსებული ინიციატივა დადებითად მცირე და საშუალო ბიზნესზე აისახება. მაღაზიათა ასოციაციაში, რომელიც საქართველოში არსებულ მცირე ზომის უბნის მაღაზიებს აერთიანებს ამბობენ, რომ მაღალი საკომისიოს გამო, განსაკუთრებით მცირე ღირებულების პროდუქტების შემთხვევაში, ხშირად უბნის მაღაზიები პოსტერმინალებს არ იყენებენ და მომხმარებლებს მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარშსწორებას სთავაზობენ.

“საკომისიო განაკვეთი მცირე ტიპის მაღაზიებში დიდი გამოწვევაა. რაღაც თანხის ქვემოთ ვერ ახდენდნენ ხოლმე პროდუქტის რეალიზაციისას, იმიტომ, რომ საკომისიო რაც ტერმინალებზე იმდენად მაღალი იყო რომ არ უღირდათ მაღაზიებს და მაღაზიის წარმომადგენლობებს ამ ხარჯის გაწევა. უმეტეს შემთხვევაში, დაახლოებით ხუთ ლარამდე პროდუქცია, რომ გაეტარებინა ტერმინალზე მაღაზიას, ეს იყო მისთვის ძალიან წამგებიანი, შესაბამისად, ასევე მომხმარებელი განაწყენებული რჩებოდა უმეტეს შემთხვევაში.

პოსტერმინალზე გადახდის განაკვეთები ყველა მცირე ტიპის მაღაზიისთვის ერთნაირი იყო და ქსელური მაღაზიებისგან განსხვავებით ბანკებიც მათ პოზიციას ნაკლებად იზიარებდნენ და რაიმე შეღავათს თითქმის არასდროს უწესებდნენ ხოლმე,”- ამბობს მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელი სანდრო სუბელიანი.

ცნობისთვის, კანონპროექტის ავტორების თქმით, 0.5%-იანი ზღვარი უფრო სამართლიან და პროგნოზირებად პირობებს დააწესებს , შეამცირებს გადაჭარბებულ საბანკო ხარჯებს და გაზრდის კონკურენციას საგადახდო მომსახურების ბაზარზე.

კანონპროექტის ავტორია "ოცნების" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძეა, რომელიც ჯერჯერობით ინიციატივის დეტალებზე არ საუბრობს. განხილვების დაწყებამდე კომენტარს არ აკეთებს არც ეროვნული ბანკი, ასევე უცნობია როგორია საკანონმდებლო ინიციატივაზე უშუალოდ საბანკო სექტორის შეფასება დარგობრივი ასოციაცია საკითხის შეფასებას წევრებთან მსჯელობის შემდეგ დაგვპირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები