მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთაში 150 ჰა-მდე რეკრეაციული ზონა მოეწყობა - რა წერია მცხეთის გენგეგმის კონცეფციაში?

სვეტიცხოველი

„სვეტიცხოვლის ჩრდილოეთიდან ბებრის ციხემდე და ჯვრის ფერდზე 100-იდან 150 ჰა-მდე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, სადაც აქტიური და პასიური დასვენების სივრცეები იქნება“, - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში გენგეგმაზე მომუშავე კომპანია „აქოლისის“ თავმჯდომარემ აკაკი ზერეკიძემ განაცხადა.

29 თებერვალს მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაამტკიცა და ის შემდგომი რეაგირების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაუგზავნა. აკაკი ზერეკიძის თქმით, კონცეფცია იმ გადაწყვეტებს 70-80%-ს მოიცავს, რომელსაც მცხეთის გენგეგმა უნდა ასრულებდეს.

„გარკვეულ საკითხებზე დღევანდელ დღემდე არსებობდა შეუთანხმებლობა, ამიტომ პირადად ვუხდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მადლობას იმისთვის, რომ შეთანხმდა გენერალური გეგმის კონცეფცია. კონცეფცია მოიცავს ფაქტობრივად 70-80%-ით იმ გადაწყვეტებს, რომელსაც მცხეთის გენგეგმა უნდა ასრულებდეს. ეს არის იმ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რადგან მოგეხსენებათ, რომ იუნესკოს ქვეშ არის დაცული. ასევე მოიცავს ეკონომიკური და სოციალური მიმართულების შენარჩუნებას, ანუ საზოგადოებაზე ზრუნვის ნაწილს, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ქალაქი მუზეუმი, სადაც ადამიანებს არაფრის კეთების უფლება არ ექნებათ. არსებობს გარკვეული მიწის ნაკვეთები, რომელთა განვითარება იზღუდება იქიდან გამომდინარე, რომ ის ფაქტობრივად კულტურული მემკვიდრეობაა, არქეოლოგიური ზონებია, შესაბამისად პირდაპირ მოდის შეუსაბამობაში.

რას მიიღებს ამით ქვეყანა, ეს იქნება დაახლოებით 100-იდან 150 ჰა-მდე რეკრეაციული სივრცე აქტიური და პასიური დასვენებისთვის. მხედველობაში მაქვს ტერიტორია სვეტიცხოვლიდან ჩრდილოეთით ვიდრე ბებრის ციხემდე და მეორე მხარეს ჯვრის ფერდობის კალთა. დაგეგმილია ამის ერთმანეთთან დაკავშირება ან ხიდით, ან წყლის პონტონით, სხვადასხვა ფორმა განიხილება. ამ შეერთებით ჯვარი ფაქტობრივად უბრუნდება მცხეთის ძირითად სივრცეს და განვითარდება როგორც პარკები, ისე სამუზეუმო ნაწილი, ასევე საფესტივალო სივრცეები. შედეგად, არსებული რეკრეაციული სივრცეების ფონზე, მცხეთა გახდება ყველას შეკრების ადგილი“, - განაცხადა ზერეკიძემ.

კითხვაზე რა ბედი ელის მოქალაქეებს, რომლებიც ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ, „აქოლისიში“ განმარტავენ, რომ მათთან მუშაობა ადგილმონაცვლეობაზე ინდივიდუალურ დონეზე წარიმართება.

„დღეს არ გადაწყვეტილა კონკრეტული მიწის ნაკვეთის ბედი. შემდგომში დაიწყება ეტაპები, რომელიც დეტალურად განიხილავს თითოეულ მიწის ნაკვეთზე სივრცეებს. მაქსიმალურად იქნება დაცული მოსახლეობის ინტერესები. შეთანხმების საფუძველიც ეს იყო, რომ თუ რომელიმე კერძო მხარე ზარალდება, მათთან დაკავშირებით ინდივიდუალური მუშაობა იქნება, ადგილმონაცვლეობა და ა.შ. ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება და ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო.

მორატორიუმთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული, რომელშიც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და იუნესკოს ექსპერტები არიან ჩართულები და განვიხილავთ, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოიხსნას ეს მორატორიუმი და იგრძნოს მოსახლეობამ შვება, შეძლონ საკუთრების განვითარება, რაიმე სახის რეკონსტრუქცია თუ სხვა. ეტაპობრივად დაიწყება მორატორიუმის მოხსნა“, - განაცხადა ზერეკიძემ.

ინფორმაციისთვის, იუნესკომ მცხეთა და ქალაქში მდებარე ისტორიული მონუმენტები - სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრისა და სამთავროს მონასტრები - კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანა.

მიწის პრივატიზაციის საფრთხეების, არქეოლოგიური კომპონენტების დაუცველობის და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ავთენტიკურობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, 2009 წელს ორგანიზაციამ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა და სწორედ ამ მიზეზით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა მორატორიუმი. მორატორიუმის შედეგად, მცხეთის მოსახლეობა ვერ განკარგავს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ქალაქში მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობა ჯერ ისტორიულ ნაწილში აიკრძალა, შემდეგ კი მორატორიუმი მცხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

მცხეთის გენგეგმაზე კომპანია “აქოლისთან“ 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. მანამდე, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა მუნიციპალიტეტმა შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები