29 თებერვალს მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაამტკიცა და ის შემდგომი რეაგირების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაუგზავნა.
როგორც კომპანია “აქოლისის” თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძემ თქვა, ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმები ეტაპობრივად მუშავდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ მორატორიუმი ნაწილობრივად მოიხსნას. თუმცა მისი თქმით, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და საბოლოო გადაწყვეტილება იუნესკოსთან შეთანხმებით მთავრობამ უნდა მიიღოს. ზერეკიძე ამბობს, რომ მათი მხრიდან გენგეგმაზე მუშაობის დასრულებას, დაახლოებით, 5 თვე დასჭირდება.
ზერეკიძე საუბრობს კერძი მიწის ნაკვეთებზეც, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ხვდება. მისი თქმით, ამ ნაკვეთებზე ადგილმონაცვლეობა დაწყებულია.
“თვითმმართველობაში არსებული მიწის ნაკვეთები შეიძლება ე.წ კულტურული მემკვიდრეობის კანონით დამცავ ზონაში ხვდება, როგორც არქეოლოგიაში ისე ლანდშაფტის ზონაში. მოხერხდა ამ პროცესების დაძრა. მე კონკრეტულად არ ვარ პროცესებში ჩართული, მაგრამ ვიცი რომ დაიძრა და მიწის ნაკვეთების მეპატრონეებს, შესთავაზეს ალტერნატიული ტერიტორიები და მიდის პროცესი. ამან მისცა ბიძგი კონცეფციის დამტკიცებასაც. ჩემი ინფორმაციით, სამთავროს ველის უკანა მხარეს ადგილ მონაცვლეობა დაწყებულია,”- ამბობს ზერეკიძე.