მცხეთაში მდინარე მტკვარზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
ახალი ხიდი აშენდა იმ მონაკვეთზე, სადაც 1926 წელს აგებული ხიდი ფუნქციონირებდა და ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებსა და მოთხოვნებს. პროექტის ბიუჯეტი 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.
გარდა ამისა, დღესვე მცხეთაში დაიწყო 7-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია, საუბარია ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე. პროექტი ითვალისწინებს გზის სრულმასშტაბიან განახლებას და მის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
,,დღეს მცხეთაში, დავიწყეთ ცენტრალური გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს ე.წ.
თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომელიც ამ ეტაპზე იუნესკოსთან კონსულტაციებით პროექტირების ფაზაშია. ეს სივრცე მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მცხეთისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციისა და მთელი ქვეყნისთვის. დღესვე ადგილზე გავეცანით პროექტის მიმდინარეობას’’-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მცხეთაში სამუშაო მონიტორინგის ფარგლებში პროექტების დათვალიერებისას განაცხადა.
სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით 7 კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვედა საყრდენი კედლები, ტროტუარები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე სრულად მოწესრიგდება წყალარინების სისტემა, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.





























