თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მცხეთის რაიონის სოფელი წიწამურიდან, თბილისში ავჭალის დასახლებამდე ახალი 6.5-კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანასაც ითვალისწინებს.
თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. ახალმა გზამ გვერდი უნა აუაროს თბილისს და ის ძირითადად იმ მონაკვეთებზე გაივლის, სადაც წარსულში თბილისის შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთს უნდა გაევლო, თუმცა აღნიშნული რკინიგზის განვითარება 2013 წელს შეჩერდა, მას შემდეგ კი დაიწყო მსჯელობა ამ ტერიტორიაზე თბილისის შემოვლითი მაგისტრალის განვითარების შესახებ, რასაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტს არა თბილისის მერია, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
ახალი მაგისტრალის პროექტირება უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, გზის წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიან მონაკვეთზე რამდენიმე ალტერნატივიდან უკვე შერჩეულია ალტერნატივა, რომელიც 3.4-კილომეტრიანი პარალელური გვირაბების გაყვანას ითვალისწინებს.
გზის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მცხეთასა და თბილისში 18 თებერვალს იგეგმება. ამასთან, დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს გზის მონაკვეთთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნების თუ კომენტარების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში გაგზავნა 7 მარტამდე შეეძლებათ.
თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სიგრძე 50 კილომეტრია, ის მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით ავჭალის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება. სწორედ ამ გზის მეორე ლოტი იქნება წიწამური-ავჭალის გზის მონაკვეთი.
"ნატახტარი-ჟინვალის (ლოტი 1), ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2), ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) და აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის ეტაპი დასრულებულია. ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთის პროექტზე მიღებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტლება,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი მაგისტრალი ზემოქმედებას მოახდენს კერძო საკუთრებაში არსებულ 183 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართობიც 329,310 კვადრატული მეტრი იქნება. ის ასევე მოახდენს გავლენას 56 სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართობიც 123,971 კვადრატული მეტრი იქნება.
საპროექტო გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:
- გზის სიგრძე - 6.5 კმ;
- საპროექტო სიჩქარე - 120 კმ/სთ;
- სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი;
- თითოეული სავალი ზოლის სიგანე - 3.75 მეტრი;
- 2-ზოლიანი პარალელური გვირაბები - პირველი გვირაბი 3372 მეტრის სიგრძის, მეორე გვირაბი 3365 მეტრის სიგრძის.
"გარემოს სენსიტიურობის გათვალისწინებით ჯვრის გვირაბის მოწყობისას გამოყენებული იქნება ADECO მეტოდი ე.წ. გვირაბგასაყვანი კომბაინი. ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები არ იწარმოებს. შერჩეული მეთოდი საშუალებას იძლევა შემცირდეს მიმდებარე ნაგებობებზე/კონსტრუქციებზე და სხვა რეცეპტორებზე ხმაურის და ვიბრაციის ზემოქმედება. კომბაინს შეუძლია ოპერირების სხვადასხვა პირობებისადმი მარტივი ადაპტირება, 90 გრადუსიანი კვეთების და ვენტილაციის სისტემის გასაყვანად საჭირო ჰორიზონტალური გალერეების მოწყობა,"- ნათქვამია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება სავარაუდოდ გზშ გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ მოხდება.
ახალი მაგისტრალის გვირაბის შესასვლელის საპროექტო სქემა:
თბილისის შემოვლითი გზის მთავარი მონაკვეთი იქნება ავჭალა-აეროპორტის 22-კილომეტრიანი მაგისტრალი (ლოტი 3), რომელზეც გზშ სკოპინგის საჯარო განხილვები 2024 წლის აგვისტოში მიმდინარეობდა. აღნიშნული გზის მონაკვეთის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ხარვეზების აღმოჩენის გამო მასთან მიმართებით გზშ თანხმობა ჯერჯერობით გაცემული არაა. გარემოს ეროვნული სააგენტო მიუთითებდა, რომ ნახაზებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში ხიდების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ასევე ტექნიკურ დოკუმენტაციებში ერთმანეთს არ ემთხვეოდა გვირაბების სიგრძეები. სააგენტოს დასკვნაში მითითებული იყო ისიც, რომ მოეწყობოდა საფეხმავლო სახიდე გადასასვლელები, თუმცა პროექტის ნახაზებში ეს ხიდები არ იძებნებოდა. აღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით დადებითი დასკვნის გაცემა არ მოხდა, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზის ამ ლოტზე განახლებული დოკუმენტაციები ამ დრომდე არ აქვს წარდგენილი.
თბილისის შემოვლითი გზის აღნიშნული მონაკვეთი ძირითადად თბილისის შემოვლითი რკინიგზის ყოფილი ხაზის ტერიტორიაზე გაივლის.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება გზის ამ მონაკვეთების კონტრაქტორების შესარჩევად საერთაშორისო ტენდერების გამოცხადება.