10 წლიანი მორატორიუმი სრულდება - 29 თებერვალს მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაამტკიცა. როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში BMG-ის განუცხადეს, "საკრებულომ განიხილა აღნიშნული დოკუმენტი, დაამტკიცა კონცეფციის პირველი ეტაპი და გადაუგზავნა მერიას, ხოლო მერიამ, შემდგომი რეაგირების მიზნით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული კონცეფციის პირველი ეტაპი გადაუგზავნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს." რა ვადებში უნდა დაამტკიცოს ეკონომიკის სამინისტრომ მრავალიწლით გადავადებული დოკუმენტის მიღება, ამ თემაზე BMG უწყებისგან პასუხს ელოდება.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მცხეთის გენგეგმაზე კომპანია “აქოლისი” მუშაობდა, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მანამდე, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა მუნიციპალიტეტმა შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა.
რაც შეეხება მორატორიუმს, - იუნესკომ მცხეთა და ქალაქში მდებარე ისტორიული მონუმენტები - სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრისა და სამთავროს მონასტრები - კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანა.
მიწის პრივატიზაციის საფრთხეების, არქეოლოგიური კომპონენტების დაუცველობის და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ავთენტიკურობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, 2009 წელს ორგანიზაციამ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა და სწორედ ამ მიზეზით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა მორატორიუმი. მორატორიუმის შედეგად, მცხეთის მოსახლეობა ვერ განკარგავს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ქალაქში მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობა ჯერ ისტორიულ ნაწილში აიკრძალა, შემდეგ კი მორატორიუმი მცხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.