ავტორი: ლევან კოკაია - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის იურისტი
შესავალი
2025 წლის 21 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მწვანე, სოციალური, მდგრადი და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი“ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. პირველად შეიქმნა სავალდებულო, სამართლებრივად გამართული ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს თუ როდის, როგორ და რა კრიტერიუმებით შეიძლება ობლიგაციამ „მწვანე“, „სოციალური“, „მდგრადი“ ან „მდგრადობასთან დაკავშირებული“ სტატუსი მოიპოვოს.
მანამდე ასეთი სახელწოდებების გამოყენება პრაქტიკულად დერეგულირებული იყო: ემიტენტები თავად განსაზღვრავდნენ, თუ რა იყო „მწვანე“ ან „სოციალური“ და ინვესტორებს არ ჰქონდათ გარანტია, რომ ობლიგაციით მოზიდული თანხები რეალურად გარემოსდაცვითი ან სოციალური მიზნებისკენ იყო მიმართული. არ არსებობდა სახელმწიფოს ზედამხედველობა, წინასწარ განსაზღვრული ტაქსონომია, ანგარიშგების ერთიანი სტანდარტები და შესაბამისად, მაღალი იყო ე.წ. „greenwashing“-ის (პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც კომპანია ცრუ მარკეტინგული ხერხით შეცდომაში შემყვან შთაბეჭდილებას აყალიბებს, თითქოს მისი საქმიანობა ან პროდუქტი ეკოლოგიურად მეგობრულია) რისკი და მისგან მომდინარე საფრთხეები.
ახალი რეგულაცია ამ სიცარიელეს მთლიანად ანეიტრალებს. კერძოდ, საქართველოში პირველად შეიქმნა სისტემა, რომელიც თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან (ICMA, EU Taxonomy, Climate Bonds Taxonomy) და რომელიც კაპიტალის ბაზრის მეშვეობით შესაძლებელს ხდის მაღალი ESG ხარისხის მქონე პროექტების ალტერნატიულ დაფინანსებას, მათ შორის განახლებადი ენერგიის სექტორში.
1. არსებული მდგომარეობა რეგულაციის მიღებამდე
წესის მიღებამდე საქართველოში არ მოქმედებდა რაიმე სახის ცალკე სამართლებრივი აქტი, რომელიც საჯარო ობლიგაციებთან დაკავშირებით „მწვანე“, „სოციალური“ ან „მდგრადი“ სტატუსების მინიჭების შესახებ საკითხებს დაარეგულირებდა.
დერეგულაციას თან ახლდა რამდენიმე გამოწვევა:
- სახელმწიფო ზედამხედველობის არარსებობა: არ არსებობდა იმის გარანტია, რომ ობლიგაციიდან მოზიდული კაპიტალი ნამდვილად გარემოსდაცვით ან სოციალურ მიზნებს მოემსახურებოდა;
- ნდობის დაბალი დონე ინვესტორებში: გამოირიცხებოდა სტანდარტული ანგარიშგების ვალდებულება, რაც საინვესტიციო რისკებს ზრდიდა;
- აქტუალური იყო ობლიგაციის მწვანედ შენიღბვის ე.წ. „greenwashing“-ის მაღალი რისკი: სტატუსის მინიჭება მთლიანად ემიტენტის კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული;
- ტაქსონომიის არქონა: არ არსებობდა ერთიანი კლასიფიკაცია, თუ რა იწოდება „მწვანე“ ან „სოციალურად“ მნიშვნელოვან საქმიანობად.
2. რეგულირების მიზანი
ახალი წესი მიზნად ისახავს: კაპიტალის ბაზარზე მდგრადი ტიპის ობლიგაციებისათვის გამჭვირვალე და სანდო გარემოს ჩამოყალიბებას; სამართლებრივი საფუძვლის შექმნას, რომლითაც ობლიგაციისთვის ამა-თუ იმ სტატუსის მინიჭების პროცედურა, შენარჩუნების პირობები და სტატუსის გაუქმების საფუძვლები განისაზღვრება; სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ისეთი სექტორის მიმართ, როგორიც არის განახლებადი ენერგეტიკა; საჯარო ობლიგაციების სახელწოდებათა სტანდარტიზებას ისე, რომ ტერმინების („მწვანე“, „სოციალური“ და სხვ.) გამოყენება მხოლოდ რეალურ საფუძველზე იყოს დაშვებული.
წესის პირველი დანართი „მწვანე ტაქსონომია“ ცალკე სექციად პირდაპირ მოიცავს განახლებად ენერგიას (მზის, ქარის, ჰიდრო, ბიო, გეოთერმულ ენერგიას), ასევე გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურას და ენერგიის შენახვის მიმართულებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტდამოკიდებულების მნიშვნელოვანი წილი კვლავინდებურად დიდ გამოწვევად რჩება.
3. რეგულირების ძირითადი შინაარსი
წესი იმ ყველა ობლიგაციაზე ვრცელდება, რომლის საჯარო შეთავაზება ან საფონდო ბირჟაზე დაშვება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი პროსპექტით იგეგმება. აკრძალულია სიტყვების „მწვანე“, „სოციალური“, „მდგრადი“ ან/და „მდგრადობასთან დაკავშირებული“ ობლიგაციის გამოყენება, თუ ის განსახილველი ბრძანებით დამტკიცებულ წესს არ შეესაბამება, თუმცა, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე უკვე დაშვებული ობლიგაციები ნაწილობრივ საგამონაკლისო რეგულირებას ექვემდებარებიან.
ობლიგაციის შესაბამისი სტატუსის მისაღებად მოზიდული ფინანსური სახსრები მხოლოდ ტაქსონომიით განსაზღვრული პროექტებისთვის გამოიყენება. ობლიგაციათა გამოშვებამდე ემიტენტმა პროსპექტში დამატებული დეტალურ ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს; მათ შორის: პროექტების/აქტივების აღწერა, მონიტორინგის პროცედურები, რეფინანსირების წილი, რისკები და ტაქსონომიის ცვლილებებზე ემიტენტის რეაგირების მექანიზმები.
სტატუსის მიღების მიზნით, ემისიის წინასწარი პროსპექტისთვის განკუთვნილი საჯარო შეთავაზების განაცხადი უნდა შეიცავდეს გარე ექსპერტის დადებით მიმოხილვას, რომელიც განსაზღვრავს ობლიგაციის სტატუსს. მიმოხილვა უნდა მომზადდეს კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის (ICMA) ან კლიმატის ობლიგაციების ინიციატივის (CBI) სტანდარტების მიხედვით.
მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციათა კატეგორია განსაკუთრებულია, სადაც კაპიტალი კონკრეტული აქტივის დაფინანსებაზე მიბმული არ არის. მოცემულ შემთხვევაში ემიტენტი იღებს ვალდებულებას, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში საკუთარი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) მაჩვენებლები გააუმჯობესოს.
წესით დადგენილია:
ემიტენტებისთვის განსაზღვრული ანგარიშგების მოთხოვნები მოიცავს: სახსრების ათვისების წლიურ ანგარიშებს; გარემოსდაცვით და სოციალურ შედეგებზე ზეგავლენის ანგარიშგებას; ვალდებულებას, რომ ანგარიშები „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდზე reportal.ge-ზე და ემიტენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდეს; ასევე, ანგარიშგებისა და მიმოხილვების შენარჩუნებას ობლიგაციების სრულად დაფარვიდან 5 წლის განმავლობაში.
4. განახლებადი ენერგიის სექტორზე რეგულაციის შესაძლო ზეგავლენა
წესის ამოქმედებას შეუძლია მნიშვნელოვანი პოზიტიური გარდატეხა მოახდინოს საქართველოს მწვანე ენერგიის მომავალზე. კერძოდ, არსებობს შემდეგი მოლოდინები:
- როგორც ცნობილია, მიმდინარე პერიოდში დეველოპერები კომერციული ბანკების მიერ გაცემულ კრედიტებზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი. ახალი ჩარჩო მწვანე ობლიგაციების სანდო ბაზარს შექმნის, რაც კერძო კაპიტალის დამატებითი ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს;
- გამკაცრებული სტანდარტებით და ე.წ. „greenwashing“-ის რისკის შემცირებით ინვესტორთა ნდობა გაიზრდება. ეს ყოველივე გრძელვადიან პერსპექტივაში: 1. განსახორციელებელი ენერგო პროექტების ხარისხის ზრდაზე მოახდენს თავის დადებით ზეგავლენას; 2. სექტორში ინოვაციური ახალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიღწევათა დანერგვა წახალისდება, ვინაიდან აღნიშნული მიმართულებებით გამოშვებული ობლიგაციები მაღალი ალბათობით მიიღებენ „მწვანე“ ან „მდგრადობასთან დაკავშირებულ სტატუსს“, შედეგად კი შედარებით უფრო იოლად მოიპოვებენ საინვესტიციო კაპიტალთან წვდომას;
- ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო მეტად დაუახლოვდება კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ ბაზისურ პრინციპებს, რაც განახლებადი ენერგეტიკის სექტორს ინვესტორთა თვალსაწიერში უფრო მიმზიდველს გახდის;
- სტანდარტული ESG მოთხოვნების დანერგვა რეგულაციურ გაურკვევლობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და გაზრდის პროგნოზირებადობას, რაც თავის მხრივ უფრო სტაბილურ და საიმედო საინვესტიციო გარემოს შექმნის;
- საპენსიო ან/და საინვესტიციო ფონდები უფრო აქტიურად შეძლებენ ინვესტირებას მაღალი ESG აქტივებში და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში.
დასკვნა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ახალი წესი ქვეყნის ფინანსური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის გზაზე გარდამტეხ ნაბიჯს წარმოადგენს. იგი ენერგო სექტორს, სახელმწიფოსა და ინვესტორებს აპრობირებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ESG ჩარჩოს სთავაზობს. ეს არის საერთო სასაუბრო ენა, რაც გამჭვირვალობას და სანდოობას უზრუნველყოფს.
მწვანე, სოციალური, მდგრადი და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების რეგულირება არა მხოლოდ ფინანსური ბაზრის განვითარებას ემსახურება, არამედ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, კლიმატის პოლიტიკისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასაც. განახლებადი ენერგიის სექტორისთვის ეს წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, რომ კერძო კაპიტალი უფრო გონივრულად მოიზიდოს.
ახალი რეგულაციური ჩარჩო ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოს ფინანსურმა ბაზარმა განიმტკიცოს კონკურენტული უპირატესობა და ეტაპობრივად რეგიონულ პლატფორმად ჩამოყალიბდეს, სადაც მდგრადი ფინანსური ნაკადები და მწვანე ენერგეტიკული ინვესტიციები თანადროულად კონცენტრირდება.
























