მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე კლიმატის ფონდმა $250 მლნ დაამტკიცა “მყინვარებიდან ფერმებამდე” პროგრამაზე, აქედან გრანტს საქართველოც მიიღებს

ADB

მწვანე კლიმატის ფონდმა (GCF) 250 მლნ დოლარის დაფინანსება დაამტკიცა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ადაპტაციის წამყვანი პროგრამისთვის „მყინვარებიდან ფერმებამდე,“ რომლის მიზანია წყლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი სისტემების შექმნა ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და პაკისტანის მყინვარებზე დამოკიდებულ რეგიონებში მცხოვრები თემებისთვის.

პროგრამა “მყინვარებიდან ფერმებამდე” მოიცავს ADB-ის ცხრა განვითარებად წევრ ქვეყანას — სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს, ყირგიზეთის რესპუბლიკას, პაკისტანს, ტაჯიკეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს — ქვეყნებს, რომლებიც მყინვარებისა და თოვლით ნაკვები მდინარეებისგან მიღებულ წყლის რესურსებზეა დამოკიდებული სოფლის მეურნეობისთვის, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.

მყინვარების აჩქარებული დნობა საფრთხეს უქმნის ამ ეკოსისტემურ სერვისებს და საარსებო წყაროებს, რაც სერიოზული გამოწვევაა იმ ქვეყნებისთვის, სადაც დასაქმებულთა დაახლოებით ერთი მეოთხედი სოფლის მეურნეობაშია ჩართული.

ADB-ის ინფორმაციით, GCF-ის დაფინანსება უმეტესად გრანტის ფორმით გამოიყოფა და პროგრამაში მონაწილე ქვეყნებზე მომდევნო ათი წლის განმავლობაში $3.25 მილიარდიან ინვესტიციასთან ერთად გაიცემა.

„მყინვარების სწრაფი დნობა განვითარების ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის,“- განაცხადა ADB-ის სოფლის მეურნეობის, სურსათის, ბუნებისა და სოფლის განვითარების დირექტორმა იასმინ სიდიკიმ.

ამ პროგრამით უშუალოდ ისარგებლებს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი, მათ შორის ფერმერები და მთიან რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობა. ADB-ის ცნობითვე, პროგრამა ასევე გააძლიერებს მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემებს, რათა თემებმა უკეთ მართონ ისეთი საფრთხეების გავლენა, როგორიცაა მყინვარული ტბების ამოფრქვევით გამოწვეული წყალდიდობები და ხანგრძლივი გვალვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები