მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მწვანე პერსპექტივა - ხობის და ფოთის მდგრადი განვითარება”

„მწვანე პერსპექტივა - ხობის და ფოთის მდგრადი განვითარება”
26.08.25 15:58
644

თანამედროვე მსოფლიოში კლიმატის ცვლილების გამოწვევების ფონზე, მწვანე გარდაქმნა და ენერგოეფექტურობა გახდა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ ეკონომიკური აუცილებლობა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ინიციატივებს, რომლებიც პრაქტიკული ნაბიჯებით უზრუნველყოფენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული რეგიონული პროექტი "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ინკლუზიური და მწვანე განვითარების ხელშეწყობა პასუხისმგებლიანი მმართველობით".

ამავე პროექტის ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), საკონსულტაციო კომპანია Loialte-სთან ერთად ახორციელებს პროექტს „მწვანე პერსპექტივა: ქალების, ახალგაზრდების და მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება ხობისა და ფოთის მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის, მწვანე სამუშაო ადგილებისა და მდგრადი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას.

პროექტი იყენებს ინტეგრირებულ მიდგომას მწვანე გადასვლის ხელშესაწყობად ხობსა და ფოთში, ფოკუსირებას ახდენს ცნობიერების ამაღლებაზე, შესაძლებლობების განვითარებასა და პრაქტიკულ საპილოტე გადაწყვეტილებებზე. სტრატეგია ეყრდნობა SMEDA-სა და Loialte-ს მიმდინარე პროგრამებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ინკლუზიურ განვითარებასა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას.

ენერგოეფექტურობის არსი და მნიშვნელობა

ენერგოეფექტურობა გულისხმობს ნაკლები ენერგიის გამოყენებას იგივე სამუშაოს შესასრულებლად. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, რადგან ამცირებს სათბურის აირების გაფრქვევებს. საქართველოში ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია, რადგან ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე.

თანამედროვე კვლევების თანახმად, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებით ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში შესაძლებელია ენერგომოხმარების 50 პროცენტის დაზოგვა. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ხარჯების შემცირებას, არამედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული მოიცავს როგორც ტექნიკურ სპეციალობებს (ენერგო აუდიტორები, ენერგოეფექტური სისტემების ინსტალატორები), ისე კონსალტინგისა და მენეჯმენტის სფეროებს. ეს ყოველივე საქართველოში ნელ-ნელა ინერგება და ბიზნეს სექტორშიც იკიდებს ფეხს.

რატომ ფოთი და ხობი

ფოთი და ხობი პროექტის განსახორციელებლად სტრატეგიულ ადგილებად შეირჩა მათი ეკონომიკური მნიშვნელობის, სოციალური გამოწვევებისა და კლიმატური რისკების გამო. ფოთი, როგორც საქართველოს მთავარი პორტი, ცენტრალურია ქვეყნის ლოგისტიკური სექტორისთვის, სადაც მუშახელის 55% ტრანსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობაშია ჩართული. ხობი, როგორც პოტენციურად განვითარებადი რეგიონი, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ამ რეგიონებში არსებული გამოწვევები დისპროპორციულად აისახება ქალებზე, ახალგაზრდებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ქალები ფლობენ ადგილობრივი აქტივების მხოლოდ 16%-ს, რაც ღრმა სტრუქტურული ბარიერების არსებობაზე მიუთითებს. ფოთში ახალგაზრდების 77% უმუშევრობას მთავარ პრობლემად მიიჩნევს, ხოლო მხოლოდ 7% მონაწილეობს აქტიურად გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

ქალთა მეწარმეობა განუვითარებელია მიუხედავად მცირემასშტაბიანი, ადგილობრივად მართული მწვანე პროექტების მაღალი პოტენციალისა, როგორიცაა ორგანული მეურნეობა, ეკოტურიზმი და ენერგოეფექტური კოტეჯური ინდუსტრიები. SMEDA-სთვის, რომელიც დაარსების დღიდან აქტიურად უჭერს ქალი მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში სხვადასხვა აქსელერაციისა თუ ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამებით, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მათი მხარდაჭერა და ეკონომიკური განვითარება.

პროექტის მიდგომა

პროექტი იყენებს ინტეგრირებულ მიდგომას:

  • ცნობიერების ამაღლება: საზოგადოებრივი შეხვედრები და საინფორმაციო კამპანიები ენერგოეფექტურობისა და მწვანე პრაქტიკების შესახებ.
  • შესაძლებლობების განვითარება: მიზნობრივი სასწავლო კურსები ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ადგილობრივი ბიზნესებისთვის, აქცენტით ენერგოეფექტურობაზე, მწვანე ფინანსებზე და ინოვაციებზე.
  • საპილოტე გადაწყვეტილებები: ადგილობრივ დონეზე პრაქტიკული პროექტები, რომელთა შედეგი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ მუნიციპალიტეტებზე.
  • ადვოკატირება და ინსტიტუციონალიზაცია: ადგილობრივ სტრატეგიებსა და გეგმებში (მაგ., SECAP) ენერგოეფექტურობის ინტეგრირება, მონიტორინგი და ჩართულობის მექანიზმები.

სასერტიფიკატო პროგრამა — „მწვანე სტარტაპ იდეების ლაბორატორია და მომავლის უნარები“

პროექტის ძირითადი საგანმანათლებლო კომპონენტი სამთვიანი ჰიბრიდული კურსია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფოთსა და ხობში გამართულ პირისპირ სესიებს, ისე ონლაინ შეხვედრებს. მონაწილეთა სასწავლო პროგრამაში შედის: გაცნობითი მოდული და იდეათონის ფორმატის ჰაკათონი; ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და ენერგოაუდიტის მოდულები; მწვანე დაფინანსების საფუძვლები; ბიზნესის სამართლისა და დაბეგვრის აუცილებელი მინიმუმი; ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული გამოყენება; მარკეტინგისა და გაყიდვების ინსტრუმენტები; ურბანული მობილობისა და სატრანსპორტო პოლიტიკის თემები; SECAP-ისა და კლიმატის სტრატეგიების საბაზისო პრინციპები. პროგრამა სრულდება მონაწილეთა იდეების საჯარო პრეზენტაციითა და დაჯილდოვებით.

SMEDA-ს შესახებ

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წარმოადგენს დინამიურ, წევრობაზე დაფუძნებულ, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს 300-ზე მეტ მცირე და საშუალო მეწარმეს მთელ საქართველოში. როგორც ქვეყნის პირველი ციფრული ასოციაცია, SMEDA იცავს მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესებს ადვოკატირების, ინოვაციური გადაწყვეტილებების და მორგებული კონსალტინგისა და ტრენინგ სერვისების მეშვეობით.

SMEDA-ს ისტორია წარმატებული პროექტების ჯაჭვია, რომელიც დაიწყო ციფრული ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა "Starta"-ით USAID-ის მხარდაჭერით. ამ ინიციატივამ 150-ზე მეტ მეწარმეს მისცა შესაძლებლობა გაევლო ტრენინგი და 300 მეწარმეს მიუწვდა ხელი რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების მეშვეობით. პარალელურად, UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელდა ქალი მეწარმეების საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი, რომელმაც გააძლიერა ქალი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა საქართველოს რეგიონებში.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

  • ადგილობრივ თემებში გაიზრდება ცოდნა და პრაქტიკა ენერგოეფექტურობაზე;
  • ქალები და ახალგაზრდები განამტკიცებენ მეწარმეობრივ უნარებს და შექმნიან სიცოცხლისუნარიან „მწვანე“ ინიციატივებს;
  • პრეოქტის მონაწილეები გარდაქმნიან თავიანთ სტარტაპ იდეებს საპილოტე პროექტებად და განახორციელებენ პროექტის მხარდაჭერით;
  • გაიზრდება ადგილობრივების ჩართულობა SECAP-სა და კლიმატის ქმედებათა გარშემო.

პროექტი „მწვანე პერსპექტივა: ქალების, ახალგაზრდების და მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება ხობისა და ფოთის მდგრადი განვითარებისთვის“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის გასაძლიერებლად. ეს ინიციატივა ქმნის საფუძველს, რომ რეგიონი გახდეს მწვანე გარდაქმნის წარმატებული მაგალითი. პროექტის გრძელვადიანი მიზანია ენერგოეფექტურობა და მდგრადი განვითარება გახდეს ადგილობრივი პოლიტიკისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები