სოთბის სააუქციონო სახლი იწყებს ისეთი ლეგენდარული ათლეტების ნივთების გაყიდვას, როგორებიც: მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტი, ტომ ბრეიდი და უეინ გრეცკი არიან.
350-მდე გამოსატან ნივთს შორის ნაწილი დღევანდელ საკალათბურთო სუპერვარსკვლავებს ეკუთვნით, მათ შორის: სტეფ კარის, ლებრონ ჯეიმსს, ვიქტორ ვემბანიამას და ა.შ.
ლოტებს შორის უდიდეს ყურადღებას იქცევს ლეგენდარული მოკრივის მუჰამედ ალის შორტები, რომელიც სპორტსმენს “Thrilla in Manilla” სახელით წოდებულ დაპირისპირებაში ეცვა.
1975 წელს ალი ასევე ლეგენდარულ მოკრივე ჯო ფრეიზერს მესამედ დაუპირისპირდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო და ნახვადი ბრძოლაა სპორტის ისტორიაში. შეხვედრა მე-14 რაუნდში ალის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა, რითაც მოკრივემ საკუთარი სახელი კიდევ უფრო უკვდავყო.
გასაყიდად გამოტანილ შორტებს თავად ალის ხელმოწერა და მისი მთავარი მწვრთნელის ასისტენტის დრიუ ბრაუნის ხელწერაც ამშვენებს, რის გამოც სოთბის სააუქციონო სახლში მიიჩნევენ, რომ შორტები 4-დან 6 მილიონ დოლარამდე ფარგლებში გაიყიდება.
2022 წელს მუჰამედ ალის ჯორჯ ფორმანის წინააღმდეგ მოპოვებული საჩემპიონო ქამარი სპორტის ისტორიაში მერვე ყველაზე ძვირად გაყიდული ნივთი გახდა 6,2 მილიონ დოლარად, რომლის მფლობელიც NFL-ის გუნდის, “Indianapolis Colts-ის” მეპატრონე ჯიმ ირსეი გახდა.
სოთბის სააუქციონო სახლი მომავალი სამი კვირის მანძილზე ექვსი აუქციონის გამართვას აპირებს, რომელთა შორის იქნება კობი ბრაიანტის 2009 წლის NBA-ის ფინალის პირველ თამაშში ნაცვამი მაისური, მაიკლ ჯორდანის ფეხსაცმელები 1996 წლის NBA-ის ფინალის მეხუთე თამაშიდან და სტეფ კარისა და იოანა იონესკუს წლევანდელ ოლ სტარის 3 ქულიანების კონკურსზე ნაცვამი მაისურები. სოთბის სააუქციონო სახლი იმედოვნებს, რომ მთლიანობაში 12 მილიონ დოლარს მიიღებს.