ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს, ამიტომ მუნიციპალიტეტების უმეტესობამ მოქალაქეების აცრაზე მისაყვანად სატრანსპორტო მიმოსვლის სქემა შეიმუშავა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვაქცინაციის პროცესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელსაც შეფერხება არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, თითოეულ მუნიციპალიტეტში, აქტიურად დამუშავდა ის სატრანსპორტო მიმოსვლა, რითაც ჩვენს მოქალაქეებს თითოეული ვაქცინაციის პუნქტის მიმართულებით გადაადგილების საშუალება ექნებათ.
როგორც ჩემთვის ცნობილია, უმეტეს მუნიციპალიტეტში უკვე შემუშავდა სატრანსპორტო გადაადგილების შესაძლებლობა, რომელიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს 4 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აიკრძალა.




























