მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მუნიციპალიტეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი"

5beea59f05d9a
BM.GE
16.11.18 15:07
1028
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, თბილისს კიდევ უფრო მეტი თანხა მოხმარდება და უფრო მეტი პროექტი განხორციელდება.

ხმალაძის თქმით, ბიუჯეტის ვარიანტი, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს წარედგინა, პირველადია და ცენტრალური ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, მისი ოდენობა დაახლოებით 50 მილიონი ლარით კიდევ გაიზრდება.

„დედაქალაქის ბიუჯეტი 871 მილიონი ლარის ოდენობით არის წარდგენილი. ეს არის პირველადი ვარიანტი, რომელშიც არ არის გათვალისწინებული ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერი, რაც აუცილებლად იქნება გამოყოფილი და ამ თემაზე ჩვენ მოლაპარაკებები უწყვეტად გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან. ჯერ ცენტრალური ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული და როგორც კი დამტკიცდება, თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 50 მილიონზე მეტი ლარით კიდევ გაიზრდება. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი იქნება 930 მილიონ ლარამდე“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

ამასთან, ირაკლი ხმალაძის თქმით, ოპოზიციის ინფორმაცია, რომ მომავალ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი შემცირებული იქნება, სიცრუეა.

„დღევანდელი მოცემულობით, 871 მილიონი ლარი არის გათანაბრებითი ტრანსფერის და თბილისის მუნიციპალიტეტის შემოსავლები, რომელიც წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია - დაახლოებით, 55 მილიონი ლარით მეტი არის ამ ორი კომპონენტის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც დაემატება სპეციალური ტრანსფერი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ჩვენი ბიუჯეტის პრიორიტეტები არ იცვლება, არის ისევ და ისევ სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი და რა თქმა უნდა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2018 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ-ერთი გაცხადებული პროექტი იყო ბაგების ხიდი, მაღლივის კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი, რომლისთვისაც თანხები გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში.

ოპოზიციის ბრალდება, რომ ჩვენი ბიუჯეტი შემცირებულია, არის ტყუილი. თუ 2018-ში იყო 815 მილიონი ლარი და სპეციალური ტრანსფერით 860 მილიონ ლარზე ავიდა, წელს ვიწყებთ 871 მილიონი ლარიდან. ანუ ჩვენი შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქს კიდევ უფრო მეტი თანხა მოხმარდება“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები