მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მუნის არსებული შემთხვევები საჭიროებს ყურადღებას და სტიგმის დაძლევას“ - ივანე ჩხაიძის რჩევები

მუნი

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მუნის გავრცელება მკვეთრ ზრდას არ აჩვენებს და რაიმე ფორმით დაავადების აფეთქებაზე საუბარი ამ ეტაპზე არასწორია.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში მან განმარტა, პროცესის მართვისთვის მნიშვნელოვანია სტიგმის დაძლევა და ინფიცირებულების მხრიდან, მათთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის ინფორმაციის გადაცემა.

პირველადი ინფიცირების შემთხვევაში დაავადების გამოვლენა კონტაქტიდან 2-6-კვირიან პერიოდში ხდება.

„მუნი არ გახლავთ იშვიათი დაავადება, წლიურად მსოფლიოში 200-დან 400 მლნ-მდე ადამიანს აქვს და ნაკლებად არის დამოკიდებული რასაზე, სქესზე, ქვეყნების განვითარებაზე თუ სოციალურ ფაქტორებზე, ამიტომ საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. თუმცა ის, რაც ახლა ხდება საჭიროებს ყურადღებას და სტიგმის დაძლევას. თუ ვინმეს აქვს მუნი და ეს ფაქტი დაიმალება, ეს ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელებას, შეიძლება ახლა ეს ფაქტორიც მოქმედებდეს.

ჩვენ ამ ეტაპზე რაიმე მკვეთრ ზრდაზე ვერ ვისაუბრებთ. ზოგადად, ეს დაავადება არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ამიტომ არ იქნება სწორი მუნის რამე აფეთქებაზე საუბარი.

თუ ბავშვს აქვს მუნი, მიუხედავად სიმპტომებისა აუცილებელია ოჯახის ყველა წევრმა ჩაიტაროს ისეთი ტიპის მკურნალობა როგორსაც ჩაიტარებს ინფიცირებული ბავშვი. იგივეა ბაღში ან სკოლაში - თუ ჩვენ ვიცით, რომ რომელიმე წევრი ინფიცირებულია, მასთან ახლო კონტაქტში მყოფმა პირებმაც უნდა იმკურნალონ.

აქ არ არის საუბარი მხოლოდ კანის მკურნალობაზე, აქ საუბარია იმ ნივთების, თეთრეულის, პირსახოცის, პერანგების დამუშავებაზე, რომელიც გამოვიყენეთ ბოლო სამი დღის განმავლობაში. სწორედ ამ დროის განმავლობაშია ტკიპა სიცოცხლისუნარიანი, ამიტომ საჭიროა ყველა მსგავსი ნივთი ერთ თავდახურულ პაკეტში მოვათავსოთ.

მუნი არ გადადის მყარი საგნებიდან, ამიტომ სკოლის მაგიდების ან სკამების დამუშავების აუცილებლობა არ არის, მაგრამ უნდა დამუშავდეს რბილი საგნები - სავარძლები, ხალიჩები, რბილი სათამაშოები.

დაავადება ვლინდება ინფიცირებიდან 2-6 კვირის ვადაში, თუმცა თუ უკვე გქონდათ მუნი, მაშინ სიმპტომები ვლინდება კონტაქტიდან პირველი 3 დღის შემდეგ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მუნის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა "ოცნების" მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემაც, რომლის შეფასებითაც ქვეყანაში საგანგაშო არაფერი ხდება.

„თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ არასტანდარტული და არანორმალური არაფერი ხდება. ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, განგაშის საფუძველი არ არსებობს,“ – აღნიშნა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეის პაატა იმნაძის თქმით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მუნი მოსახლეობის 1%-ს უდგინდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები