მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუნიციპალიტეტები ბოლო ზარის კონცერტებს აფინანსებენ - ლანჩხუთში ოთო ნემსაძე ₾15 000-ად იმღერებს

ბოლო ზარი

მუნიციპალიტეტები საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს. მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება მომღერალ ოთარ ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ოთარ ნემსაძემ კონცერტი 28 მაისს უნდა გამართოს.

“როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიება, რაც მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს.

გამომდინარე იქიდან, რომ ოთარ ნემსაძეს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება როგორც შემსრულებელს, შესაბამისად არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად“, - განმარტებულია შესყიდვის საჭიროებაში.

მსგავსი შესყიდვა განახორციელა კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტმა, მათ შორის ზუგდიდის, წყალტუბოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა.

მაგალითად, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გაუფორმა ჯგუფ "1/4"-ს, რომელსაც ასევე, 15 000 ლარი გადაუხადეს. კონცერტი რამდენიმე დღის წინ ჩატარდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიებისთვის 25 000 ლარს უხდის მუსიკალურ ჯგუფ „ურსას“, რომლის წევრები არიან: გიორგი ძოწენიძე, გიორგი გრიგალაშვილი, ლევან ფერაძე, კობა შენგელია და შოთა ქვარცხავა. კონცერტი 19 მაისს ჩატარდა.

ქალაქ წყალტუბოში კი 2025 წლის 16 მაისს გამართული "ბოლო ზარის" ღონისძიებისთვის, "ელის ბენდი"-ს 10 800 ლარი გადაუხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები