კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აღმოიფხვრა მუნიციპალიტეტებში კონკურენციის შემზღუდველი სატენდერო პირობის გამოყენება, რომელიც მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს ტენდერში მონაწილეობას უზღუდავდა.
საქმე ისაა, რომ 2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის" საჩივრის საფუძველზე ჩაატარა მოკვლევა, რომელიც ეხებოდა - მარნეულის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებაზე გამოცხადებულ კონკურენციის შემაფერხებელი სატენდერო პირობების გამოყენებას. სააგენტომ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები დაადგინა და რეკომენდაცია გასცა, რომლითაც მუნიციპალურ ორგანოებს და სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ - სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში კონკურენციის პრინციპების დაცვა. მათ შორის, არ გამოიყენონ სატენდერო პირობა, რომელიც სასამართლოს აქტის საფუძველზე მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს ტენდერში მონაწილეობას შეუზღუდავს, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით. ვინაიდან, სააგენტოს პოზიციით, აღნიშნული ქმედება ქმნიდა ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ბარიერს და აფერხებდა ეკონომიკური აგენტის საქმიანობას.
GCCA-ს განცხადებით, როგორც სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების ანგარიშმა (2023/2024 წლები) აჩვენა, რეკომენდაცია გათვალისწინებულია, რაც სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა.
"სახელმწიფო შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს - სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება.
GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად - აღმოიფხვრა კონკურენციის შემზღუდველი სატენდერო პირობის გამოყენება, რომელიც მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს ტენდერში მონაწილეობას უზღუდავდა, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით. სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგენილი კონკურენციის შემზღუდველი სადავო სატენდერო პირობის გამოყენებას, როგორც ადმინისტრაციულ ბარიერს, დაინტერესებული ეკონომიკური აგენტებისთვის, სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამის ბაზრებზე, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების მონიტორინგი და კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება",- აღნიშნავენ სააგენტოში.