მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალურ თავშესაფარში დარეგისტრირებული ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია უფასო გახდა - სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური

ივნისში საკრებულომ ცხოველთა პატრონებისთვის ძაღლების გასეირნების წესები გაამკაცრა. ახალი კანონის თანახმად, გარდა ცხოველთა გასასეირნებელი სპეციალური ადგილებისა, საზოგადოებრივ ადგილებში 09:00-დან 21:00 საათამდე ძაღლების გასეირნება დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბელით, ან საბელით და ალიკაპით. ხოლო 21:00 – 09:00 საათებში ძაღლების გასეირნება ნებადართულია ალიკაპით, საბელის გარეშეც. წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 20-დან 150-ლარამდე გაიზარდა. საკითხზე, თუ როგორ შეიცვალა ვითარება გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი საუბრობს.

გიორგი კობიაშვილის თქმით, ვითარება უკეთესობისკენაა შეცვლილი, თუმა საპატრულო პოლიციის ჩარევაც ხშირად ხდება საჭირო.

“კანონის ძალაში შესვლის დღიდან “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” აქტიურად მუშაობს, საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ, ასევე – სხვადასხვა სკვერში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მონიტორინგი ხორციელდება. მინდა გითხრათ, რომ სტატისტიკიდან ჩანს, რომ ვითარება საგრძნობლად შეცვლილია უკეთესობისკენ. 

მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, მონიტორინგს განვაგრძობთ. დაწერილია ჯარიმები, ხშირ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის ჩართვა გვიწევს, რადგან მოქალაქეების მხრიდან წინააღმდეგობას ვაწყდებით. ძირითადად პრეტენზია იმასთან დაკავშირებითაა, რომ ძაღლს თავისუფლად გადაადგილება სჭირდება, საბელის და ალიკაპის გარეშე” - ამბობს გიორგი კობიაშვილი.

მისი თქმით, რეგულაციის დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან პატრონიანი ძაღლისგან აგრესიისა და დაკბენის შემთხვევები პრაქტიკაში არსებობს. 

გიორგი კობიაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალ კამპანიაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, დღეიდან მუნიციპალურ თავშესაფარში რეგისტრირებული ცხოველებისთვის კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაცია უფასო იქნება.

“დღეს თბილისის ცხოველთა მუნიციპალურმა თავშესაფარმა ასეთი კამპანია დაიწყო: ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ცხოველი ჰყავს, შეუძლია, ის ჩვენს თავშესაფარში დაარეგისტრიროს და ჩიპი გაუკეთოს.. ასეთი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია უფასოდ მოხდება.

ეს ოპერაცია სხვადასხვა კლინიკაში საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ის ერთადერთი გზაა იმისა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ. ეს კამპანია ამ ოპერაციის და ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წახალისებას ემსახურება. ჩვენ ასეთი კამპანია უკვე გვქონდა, რომლითაც, 1 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა”, - აცხადებს გიორგი კობიაშვილი.

ცნობისთვის, საკრებულოს დადგენილებით, პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია და სტერილიზება სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული ცხოველის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მეპატრონე 8 ლარით ჯარიმდება. კობიაშვილის თქმით, ამჟამინდელი ჯარიმა არაეფექტურია, რის გამოც მონიტორინგის სააგენტო მის გაზრდაზე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები