მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუნიციპალურმა ინსპექციამ 50 ახალი ავტომობილი შეიძინა - პარკი სრულად განახლდა

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია

თბილისის მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური ინსპექციისთვის „ტოიოტას“ მარკის 50 ახალი ავტომობილი შეიძინა. მერიის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ავტოპარკის სრული განახლებისა და უწყების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მიიღეს.

ახალი, ევრო-6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ უწყების ხელმძღვანელთან, გოგი ჩიქოვანთან ერთად წარუდგინა. მერის განცხადებით, ძველი ავტოპარკი მოძველებული და „მაღალხარჯიანი“ იყო.

„წარმოგიდგენთ ახალ ავტომანქანებს უწყებისთვის, რომელიც ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს ქალაქში წესრიგის, კანონის აღსრულებისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში. ინსპექციის ეფექტური მუშაობა ნიშნავს უკეთეს, უფრო მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოს თითოეული თბილისელისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მუნიციპალურ ინსპექციაში რამდენიმე რეფორმა გატარდა:

  • გამკაცრდა კანონმდებლობა და აღსრულების მექანიზმები;
  • სტრუქტურას დაემატა ახალი მიმართულება — მოტოინსპექცია;
  • თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური მომზადება.

გოგი ჩიქოვანის, მუნიციპალური ინსპექციის უფროსის განმარტებით, ავტოპარკის განახლება სამსახურს საშუალებას მისცემს, უფრო ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება დარღვევებზე ყველა რაიონში, მათ შორის რეკრეაციულ და სატყეო ზონებში.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია არის უწყება, რომელიც დედაქალაქში ურბანულ წესრიგზეა პასუხისმგებელი. მისი ფუნქციები მოიცავს:

  • სამშენებლო საქმიანობისა და უსაფრთხოების მონიტორინგს;
  • სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების მიტაცების აღკვეთას;
  • გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის იერსახის დაცვას;
  • გარე ვაჭრობის, რეკლამისა და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს;
  • მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას.

ღონისძიებას, რომელიც ავტოპარკის განახლებას მიეძღვნა, ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები