მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მურმან მარგველაშვილი რუსული გაზის იმპორტის რისკებს და სარგებელს განმარტავს

5c7260d550da3
დათო ჯალაღონია
24.02.19 16:00
1549
ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის აზრით, ბუნებრივი გაზის ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკის შემცველია.

როგორც მარგველაშვილმა BM.GE-თან საუბრისას განაცხადა, გამართული კანონმდებლობის პირობებში "გაზპრომიდან" გაზის მცირე მოცულობების შეძენა, ქვეყნისთვის პრობლემებს არ შექმნის.

"დღევანდელი ჩვენი გაზის ბაზარი სრულიად გაუმჭვირვალე და მონოპოლიზებულია "სოკარის" მიერ და ეს მონოპოლიზება აძლევს საშუალებას, რომ გავლენა მოახდინოს ჩვენს ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და ა.შ. იმის თქმა, რომ "გაზპრომი" რაიმეთი ჯობია "სოკარს", არ იქნება სწორი, მაგრამ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ამ ინტერესების განხორციელება ენდომება, ამიტომ არცერთ გარე წყაროს არ უნდა მივცეთ იმის ბერკეტები, რომ ჩვენს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე არსებითი ზეგავლენა იქონიოს", - განაცხადა ენერგეტიკოსმა და დასძინა, რომ პირველი რიგის ამოცანა არსებული მდგომარეობიდან როგორმე გამოსვლა, გამჭვირვალობისა და კონკურენციის შემოტანაა.

"შეიძლება, ისე მოხერხდეს, რომ "გაზპრომის" გაზის მცირე რაოდენობებით შემოტანა კონკურენტულ გარემოში, იყოს იმის საშუალება, რომ გარკვეული ბალანსი შევქმნათ, ოღონდ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რადგან რისკები არის ის, რომ ფართოდ არის აღირებული, რომ "გაზპრომი" ცდლობს დაუკავშირდეს პიროვნებებს, გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს მათი ინტერესებით და ა.შ, ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა მოვახერხოთ ისე, რომ "გაზპრომი" პირდაპირ ბაზრის მოთამაშეებთან და მყიდველებთან კი არ დავაკავშიროთ, არამედ გამჭვირვალე, კონკურენტულ, ღია ბაზარში შემოვიყვანოთ, სადაც "გაზპრომიდან", თუ "სოკარიდან" ყიდვის საშუალება ყველას ექნება. არ უნდა დავუშვათ ბაზრის სეგმენტირება ისე, რომ მომხმარებლის ერთი ჯგუფი გადაერთოს "სოკარზე", მეორე ჯგუფი მთლიანად - "გაზპრომზე" და ამით ერთი გაუმჭვირვალე ბაზრიდან, ორი მივიღოთ. პირიქით, უნდა მოვახერხოთ ისეთი კონკურენტული პირობების შექმნა და იმედია, ახალი კანონმდებლობა ამის საშუალებას და მექანიზმებს შექმჯის, რომ კონკურენტული გარემო შევუქმნათ ამ ორ მოთამაშეს", - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

ცნობისთვის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში გაზის შესყიდვა ისევ ხორციელდება. ამის შესახებ მან პარლამენტში, 13 თებერვალს ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები