ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას რომ მურთაზ კიკორიამ სებ-ი, იმ ახალი რეგულაციების გამო დატოვა, რომელიც საფინანსო სექტორში ხორციელდება.
„ბატონმა მურთაზმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა მადლობა ვუთხრა მას ეროვნულ ბანკში ნაყოფიერი მუშაობისთვის. მისი შემოერთება ბანკში მაშინ მოხდა, როდესაც ბევრი რეფორმა იგეგმებოდა და ბევრი წვლილი მიუძღვის ამ რეფორმებში.
არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ის არ ეთანხმებოდა, რომელიმე ზომას ან ნაჯბიჯს რომელიც სებ-ში განხორციელდა. თავად შეგიძლიათ შეეკითხოთ. ჩვენი გადაწყვეტილებები შეთანხმებული იყო და ის მუდამ იზიარებდა ამ მოსაზრებებს“, - ამბობს გვენეტაძე.
"არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მურთაზ კიკორიამ ეროვნული ბანკი რეგულაციების ახალი დოკუმენტის გამო დატოვა“, - ამის შესახებ bm.ge-ს მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესიკ შენგელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან მიდის. კიკორიამ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელზე განცხადება უკვე დაწერა და ის საკანონმდებლო ორგანოშია შეტანილი. განცხადებაში მითითებულია, რომ კიკორია თანამდებობას 30 ნოემბრიდან დატოვებს.

























