მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მურთაზ კიკორიას სებ–ში ვახტანგ ბურკიაშვილის დანიშვნის შესახებ კითხვები არ აქვს

5bc6151258ee7
დავით ჯალაღონია
16.10.18 20:41
1488
საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ვახტანგ ბურკიაშვილის დანიშვნას, რომელსაც პარტია „ქართული ოცნებისთვის“ 50 000 ლარი აქვს შეწირული, პარლამენტში ხანმოკლე დებატები მოჰყვა.

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ბურკიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნით შეირჩა.

"ეს არ არის კადრი, რომელიც შეირჩა ბანკის ხელმძღვანელობის მიერ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მათზე სერიოზული ზეწოლა მოხდა, ვინაიდან დანიშნული პიროვნება ,,2030“-ის ინკუბატორის წევრია. ამ ორგანიზაციის ექსპერტები ებრძოდნენ ეროვნულ ბანკს, კანონპროექტიც მოამზადეს და უნდოდათ ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთმიათ. მაშინ ეროვნული ბანკი სასამართლომ გადაარჩინა გახლეჩვას. ჩვენ ვხედავთ, რომ კადრების დონეზე ხდება უკვე ეროვნულ ბანკში შეღწევა“, - განაცხადა გოცირიძემ.

"ვთხოვ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არ არის. რა პროცედურები ჩატარდა?- ეს ეროვნული ბანკის შიდა კომპეტენცია იყო, თუ საჯარო სამსახურის კანონიდან გამომდინარე? როგორც არ უნდა იყოს მოგვაწოდეთ ინფორმაცია", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დეპუტატების განცხადებებს ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ უპასუხა.

„საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მე მგონი, მოითხოვა შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა პარლამენტში და ბუნებრივია, ეს მიწოდებული იქნება. რაც მე დანამდვილებით ვიცი, პროცესი ჩატარდა აბსოლუტურად კანონის მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისი პროცედურები გავლილი აქვს ამ პიროვნებას და მე მგონი, კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა მურთაზ კიკორიამ.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ბურკიაშვილმა თანხა „ქართულ ოცნებას“ მაშინ შესწირა, როცა ის შპს “ტიფლის დეველოპმენტ” კონსორციუმის დირექტორი და შპს “საკი-პეტროლიუმისა” და შპს და” აი იუ ეს გრუპის” პარტნიორი იყო. აღნიშნული ინფორმაცია, Bmg-ს თვითონ ვახტანგ ბურკიაშვილმაც დაუდასტურა.

რაც შეეხება მის თანამდებობას, ბურკიაშვილი ოფიციალურად საკუთარი მოვალეობის შესრულებას 17 ოქტომბერს შეუდგება და მის დაქვემდებარებაში შემდეგი დეპარტამენტები იქნება: საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის, საგადახდო სისტემების, იურიდიული, საინფორმაციო ტექნოლოგიების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის, ფინანსებისა დაბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტები და პროექტების მართვის ოფისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები