მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მუშახელი დიდი პრობლემაა" - ბავშვის სამოსის ბრენდი "რკოს" გამოწვევები

რკო

საქართველოში წარმოებული ბავშვის სამოსის ბრენდი “რკო”, რომელიც ბავშვის ტანსაცმელს და აქსესუარებს კერავს, ბაზარზე უკვე 7 წელია ოპერირებს და თავის არეალს ისე, როგორც არსებულ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე, ყოველთვის აფართოებს. ბრენდის სიახლეებსა და გამოწვევებზე "რკოს" დამფუძნებელმა თამარ მესარკიშვილმა Bm.ge-სთან ისაუბრა.

დამფუძნებლის თქმით, არსებულ ბაზარზე ყველაზე დიდი გამოწვევა მუშახელი და ცვალებადი ფასებია.

"საქართველოს ბაზარზე არანაირი პროდუქცია არ იყიდება და თითქმის ყველანაირი ნედლეულის შემოტანა საზღვარგარეთიდან გვიწევს, ამასთან, მუშახელის დეფიციტი ძალიან დიდი პრობლემაა, ვინაიდან ჩვენი პროდუქცია ხელნაკეთია და მთლიანად მუშახელზე ვართ დამოკიდებულები. ბაზარზე იცვლება შალის ფასიც, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ და პირდაპირ აისახება ჩვენს საფასო პოლიტიკაზე", - დასძინა მან.

ამასთან, თამარ მესარკიშვილი არსებულ ბაზარსა და ექსპორტზე 2024 წლის მოლოდინებზეც საუბრობს.

"ყოველწლიურად ბრენდი "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით ყველაზე მსხვილ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაში Playtime Paris-ში იღებს მონაწილეობას, რომელიც იანვარში ტარდება, გამოფენაში მონაწილეობის მიღების შემდეგ, საერთაშორისო შეკვეთების მიღების ვადა მარტამდე გვაქვს, შესაბამისად, წინასწარი პროგნოზის გაკეთება ახლა მიჭირს, თუმცა მოლოდინები ძალიან დიდია", - დასძინა მან.

საერთაშორისო ბაზარზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბრენდის მიერ წარმოებული საბავშვო სამოსის 80% ექსპორტზე საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ამერიკაში, გერმანიაში, იაპონიასა და ახლა უკვე აშშ-ში გადის.

"წელს აშშ-ისთვის პირველი შეკვეთა გავუშვით და გვიხარია, რომ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. ამასთან, ჩინეთის მიმართულებითაც გააქტიურება უფრო მეტად გვსურს, რადგან ძალიან საინტერესო ბაზარია და კოვიდის პერიოდში დიდი ცვლილება მოხდა, რაც შეკვეთების მოცულობაზე აისახა”, - ამბობს ის.

ამასთან, თამარ მესარკიშვილმა "რკოს" სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრენდის მმართველ გუნდს სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიის "თამაშობანას" დამფუძნებლები ნინი ჩიქოვანი და ნია სონღულაშვილი შეუერთდნენ.

"რკო" ნოემბერში 7 წლის გახდება, შესაბამისად, მოვიდა ცვლილებების დრო, საჭიროა ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ ცვლილება და ჩვენს გუნდს "თამაშობანას" დამფუძნებლები ნინი ჩიქოვანი და ნია სონღულაშვილი შემოუერთდნენ, ჩვენ ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ ბრენდის განვითარებას, მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებით, რომელიც ეტაპობრივად დაანონსდება", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ბავშვის სამოსის ბრენდი “რკო” 2016 წელს დაარსდა, ბრენდი ბავშვის ყველანაირ ტანსაცმელსა და აქსესუარებს - ქუდებს, ხელთათმანებს, ჩანთებსა და ნაქარგიან საყელოებს კერავს. დასაქმებულთა რაოდენობა შეკვეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ხანდახან ეს რიცხვი 80-ს აღწევს. ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია “რკოს” ე.წ. შოუ რუმში, რომელიც ბარნოვის N94-ში მდებარეობს და ბრენდის სოციალური ქსელების მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები