პურის მწარმოებელი კომპანია "იფქლი დიღომი", ისევე როგორც სხვა არაერთი ბიზნესი, კადრების ნაკლებობაზე საუბრობს. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სოფიო ბედიაშვილი ამბობს, საჭირო მუშახელის პრობლემა მათთვის ერთ-ერთი გამოწვევაა.
"ყველაზე პრობლემური, რაც არის ხოლმე, ესაა მუშახელი. რეალურად, დღეს საქართველოში მუშახელი ძალიან ჭირს, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ქვეყნიდან კადრების გადინებაა. ეს ერთ-ერთი ძალიან მწვავე ფაქტორია ჩვენთვის, როგორც კადრების მოზიდვის კუთხით, ასევე დასაქმებულებისთვის უკეთესი პირობების შექმნისთვის. ზოგადად, პერსონალის ანაზღაურება პროდუქტის თვითღირებულებაში შემავალი კომპონენტია”, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ “იფქლი დიღომი” ამჟამად 600-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და პურის გარდა, ტკბილეულსაც აწარმოებს.
მიმდინარე წელს, კომპანიამ პურის ექსპორტი ისრაელში დაიწყო. როგორც სოფიო ბედიაშვილი ამბობს, "იფქლის" პურის მიმართ ინტერესი ჩინეთიდანაც წამოვიდა.
ცნობისთვის, კომპანიას სამი საწარმო აქვს საქართველოში: დიღმის მასივში, რომელიც ემსახურება მთელ თბილისს, ვაშლიჯვრის საწარმო, საიდანაც ხდება ექსპორტი და ქუთაისის საწარმო, საიდანაც მარაგდება დასავლეთ საქართველო. კომპანია კიდევ ერთ საწარმოს თბილისში, აეროპორტის გზატკეცილთან აშენებს.




























