მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუსიკალური აპარატურის გაქირავების ფასი 300-დან 30 000 ლარამდე მერყეობს - DJ Community

dj

პროდიუსერის, დიჯეის, განათების ოპერატორის, ხმის ინჟინრის და ღონისძიების ორგანიზატორის, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა პროფესიები ჩვენი ქვეყნისთვის შედარებით ახალია. სწორედ ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის სტარტაპმა “დიჯეი ქომუნითიმ” შექმნა სივრცე, სადაც ამ პროფესიების შეძენა, განვითარება და შედეგის აღმწერი აუდიო-ვიდეო მასალის მომზადებაა შესაძლებელი. ამ ყველაფერთან ერთად, ეს არის პირველი მუსიკალური სტუდია საქართველოში, რომელიც არტისტებს აუდიო-ვიდეო მომსახურებით სარგებლობის, კურსის გავლისა, პორტფელის შექმნისა და დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. "დიჯეი ქომუნითი" მომხმარებელს მუსიკალური აპარატურის გაქირავების სერვისსაც სთავაზობს.

სტარტაპის შექმნისა და მის განვითარების პროცესზე "დიჯეი ქომუნითის" თანადამფუძნებლებმა, ინგა მუმლაძემ და კახა მახარაძემ BMGtv-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრეს. მათი თქმით, ბიზნესის დაწყება მსგავსი სერვისის მიმართ ქვეყანაში არსებულმა მოთხოვნის დიდმა მასშტაბმა გადააწყვეტინათ. რაც შეეხება საჭირო ინვესტიციას, ეს 100 000 ლარის ოდენობის ერთობლივი დანაზოგი იყო, რითაც მუსიკალური აპარატურა შეიძინეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი სერვისით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად ზრდის ტენდენციას აჩვენებს. თუკი პირველ წელს დატვირთულობის მაჩვენებელი 40%-ი იყო, მომდევნო წელს ეს რიცხვი 55%-მდე გაიზარდა, დღეის მდგომარეობით კი 90%-ს აჭარბებს.

"დიჯეი ქომუნითი" სამი წლის წინ, პანდემიის დასაწყისში შევქმენით. თავდაპირველად ეს იყო ადგილი, სადაც არტისტები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ. ეს სახე ჩვენმა კომპანიამ დღემდე შეინარჩუნა, რადგან აქ ძალიან ბევრი ქართველი თუ არაქართველი არტისტი იყრის თავს, უკრავენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, ჰყავთ სხვადასხვა აუდიტორია… ისინი ჩვენს სივრცეში ერთმანეთს თავიანთ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს უზიარებენ.

გარდა ამისა, ჩვენ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა მუსიკალური პროფესიის დაუფლების შესაძლებლობასაც ვაძლევთ. ჩვენს გუნდში 10-მდე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ერთიანდება, ესენი არიან: ხმის ინჟინრები, სივრცის მენეჯერები, გამნათებლები, დიჯეები და ა.შ. სწავლების პროცესს სწორედ ეს ადამიანები უზრუნველყოფენ", - აღნიშნავს ინგა მუმლაძე.

როგორც DJ Community-ს დამფუძნებლები აღნიშნავენ, სივრცის გახსნის პირველივე დღეს პირველი მომხმარებელი ჰყავდათ მას შემდეგ კი, მათი სერვისით, დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობა სულ უფრო მზარდია. განსაკუთრებული მოთხოვნა სადიჯეო აპარატურის ქირაობაზეა.

"ადრე თუ დიჯეის პროფესია მხოლოდ კლუბებისა და ბარებისთვის არსებობდა, დღეს დღეობით ამ პროფესიას აქტიურად ითხოვს სტუმარ-მასპინძლობის სფეროც და ფაქტობრივად, მათ მიერ გამართულ ყველა ღონისძიებაზე დიჯეის მომსახურებაც მოიაზრება. ამ სფეროდან უკვე ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, სხვადასხვა სასტუმროები, კლუბები, ბარები და ა.შ., რომელთაც ვაწვდით საჭირო ტექნიკას, ჩვენი თანამშრომლები მიდიან ადგილზე და ტექნიკურად ამ ღონისძიებებს თავადვე უზრუნველყოფენ ", - აღნიშნავს DJ Community-ს თანადამფუძნებელი, ინგა მუმლაძე.

რაც შეეხება ფასებს. მუსიკალური აპარატურის გაქირავების ღირებულებას ამ აპარატურის სახეობა და მიწოდებული სერვისის მასშტაბით განისაზღვრება, შესაბამისად ფასიც 300 ლარიდან იწყება და 30 000 ლარსაც აღწევს.

ინგა მუმლაძე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ სხვადასხვა კომპანიების მხრიდან დიჯეის მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდამ, პირდაპირპროპორციულად ამ პროფესიის დაუფლების მსურველთა რაოდენობაც გაზარდა.

"მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდეც თბილისში ძალიან ბევრი კარგი დიჯეი გვყავდა, ბოლო პერიოდში ამ პროფესიაზე განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა, ამ პროფესიით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მათ შორის ძალიან დიდია. ბაზრის მოთხოვნას ჩვენც ფეხი ავუწყვეთ და ჩვენს მომხმარებლებს პორტფელის გამდიდრებისთვის აუდიო-ვიდეო მომსახურებას ვთავაზობთ. მათ ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი მუსიკალური უნარები მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ მომხმარებლის, დამსაქმებლისა თუ მსმენელის წინაშე.

DJ Community-ს დამფუძნებლები აღნიშნავენ იმასაც, რომ კომპანიის მიერ მიღებული მოგება სრულად ბიზნესშივე რეინვესტირდება. ამ დრომდე დაგროვილი კაპიტალი ახალი ფილიალის დამატებისკენ არის მიმართული, რომელიც სავარაუდოდ თებერვალში გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები