„მუსიკის სახლი“ ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩეხურ-ქართულ მისიაში მონაწილეობდა, რომლის მიზანი მუსიკისა და სახელოვნებო განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პარტნიორული შესაძლებლობების აღმოჩენა იყო.
საქართველოს კულტურისა და სახელოვნებო განათლების სფეროს წამყვანი სპეციალისტები ჩეხეთის რესპუბლიკას ფორტეპიანოების მწარმოებელი კომპანია PETROF-ის ინიციატივითა და თბილისში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ეწვივნენ. პროგრამა ეკონომიკური დიპლომატიის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდა.
კერძო სექტორიდან მისიაში „მუსიკის სახლი“ მონაწილეობდა. კომპანია უკვე 15 წელია საქართველოში PETROF-ის ოფიციალური პარტნიორია. დელეგაციაში „მუსიკის სახლს“ კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო დევაძე და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგოლა არსენაშვილი წარმოადგენდნენ, რომლებმაც ჩეხ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს.

სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, ესტუმრნენ პრაღის კონსერვატორიას და განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები მუსიკალური განათლებისა და კულტურული გაცვლის მიმართულებით.
მისიის ფარგლებში, დელეგაცია ასევე გაეცნო მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოების ჩეხურ ტრადიციას და ეწვია ისეთ ცნობილ მწარმოებლებს, როგორებიც არიან PETROF, AMATI, DELICIA, TOMAS SKALA და BSG Guitars.
ვიზიტმა საფუძველი ჩაუყარა ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, მუსიკალური ინსტრუმენტების ჩეხ მწარმოებლებთან.
„მუსიკის სახლი“ მადლობას უხდის მისიის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო შეხვედრებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და უცხოელ პარტნიორობებთან თანამშრომლობის განვითარებას.


























