22 აგვისტოს, მუხიანში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს", – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

























