მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუხურში ორი სასტუმრო 2023 წელს უნდა გაიხსნას, ინვესტიცია ₾10 მილიონია

62eeaafa47df9
დიმა კვარაცხელია
07.08.22 00:00
5527

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ მუხურში კომპანია Mukhuri Resort-ი მაღალი კლასის, ევროპული სტილის ორ სასტუმროს აშენებს.

როგორც პროექტის მენეჯერმა რომან თოლორდავამ bm.ge-ს განუცხადა, ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით, 10 მლნ ლარია. ორივე სასტუმროს გახსნა მომავალ წელს იგეგმება.

მისივე ინფორმაციით, ერთი სასტუმრო 60, მეორე კი 30 სტუმარს მიიღებს.



"პროექტი გარკვეული პერიოდი შეინარჩუნებს სოციალური პროექტის სტატუსს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ორიენტირებულია არა კომპანიის სოლიდურ მოგებაზე, არამედ ადგილობრივი თემის განვითარებასა და ტურისტული ლოკაციის შექმნაზე, რათა შემდგომში გახდეს ბიზნეს პროექტი და მიიღოს მოგება, რასაც წლები დასჭირდება. პროექტის მიზანია საქართველოს შეემატოს მუხურის სახით მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაცია და ამასთანავე სოფელი მუხური იქცეს რეალურ კურორტად. სასტუმროების მშენებლობა აქტიურად გრძელდება, კონსტრუქციული ნაწილი დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები", - აცხადებს თოლორდავა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 20-ზე მეტი ადამიანი. პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე მოქალაქე დასაქმდება.

"სასტუმრო, რომელსაც მდინარე ხობზე ჩასასვლელი გვირაბი აქვს, არქიტექტურულად ევროპულ და კოლხურ სტილს მოიცავს, დიზაინში ნოქალაქევის არქიტექტურული ფრაგმენტებიც ფიგურირებს",- აღნიშნა პროექტის მენეჯერმა

სამშენებლო სამუშაოებს "ლაკადა გრუპი" ასრულებს.



ცნობისთვის, ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს "მუხური რიზორთ" 2019 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100% მარიკა უგრეხელიძეს ეკუთვნის, დირექტორია დავით ცისკარიშვილი. შპს "ცაშკიბული’’ 2019 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100% მფლობელი შპს "მუხური რიზორთ"-ია, დირექტორი კი რომან თოლორდავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები