მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მწარმოებელთა ფედერაცია" ადგილობრივი კომპანიებისთვის პრეფერენციების მინიჭებას ითხოვს

5c5296eb0b832
მაია ბიწაძე
31.01.19 20:15
798
"მწარმოებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელ ლევან სილაგავას მიაჩნია, რომ ტენდერი ლოტებად უნდა გამოცხადებულიყო და სახელმწიფოსთვის თაფლის მიწოდების ვადებიც დროში უნდა გაეწერათ, რადგან ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი მწარმოებლები შეძლებდნენ ტენდერში მონაწილეობის მიღებას და უცხოური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას.

"ჩვენი აზრით, ტენდერი ლოტებად უნდა დაეყოთ; არ იყო საჭირო, რომ 73 ტონა თაფლი ერთბაშად ეყიდა სახელმწიფოს, თან 12 თვეზე ან თუნდაც 3 თვიან პერიოდებზე გადანაწილებულიყო თაფლის მიწოდების ფაზები. ამ შემთხვევაში, რამდენიმე ადგილობრივ კომპანიას შესაძლებლობა მიეცემოდა, რომ საკმაოდ ნორმალური ხარისხით და ფასით მოეხდინა სახელმწიფოსთის თაფლის მიწოდება“, - აცხადებს სილაგავა.

როგორც სილაგავა განმარტავს, ,,მწარმოებელთა ფედერაციამ“ ადგილობრივი კომპანიებისთვის ტენდერებში პრეფერენციების მინიჭების ინიციატივით მთავრობას არაერთხელ მიმართა.

"ყოველწლიურად 5 მილიარდი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეისყიდოს ის, რაც მას სჭირდება. ჩვენმა ფედერაციამ ჯერ კიდევ გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს, შესყიდვების სააგენტოს ჩართულობით, ადგილობრივი წარმოების წახალისების მექანიზმი შეიმუშავა. თითქმის მიღწეული იყო შეთანხმება და დასამტკიცებლად გამზადებული ცვლილება, თუმცა დღემდე ამის მიღება ვერ მოხერხდა. არადა, ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში წამყვან ქვეყნებს აქვთ.

იგივე პროგრამა აქვს აშშ-ს, ევროკავშირს, კანადას, თურქეთს, ავსტრალიას, ისინი პრეფერენციებს უკეთებენ ადგილობრივ პროდუქციას, რათა მან კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულს. მაგალითად, როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა 132 ათასი ევროს ღირებულებამდე პროდუქციას ყიდულობს, პრიორიტეტი ადგილობრივ ნაწარმს ენიჭება. ასეთი პროგრამები სახელმწიფო ფულის ქვეყანაში დარჩენას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას ემსახურება“, - განმარტავს სილაგავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები