მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემასთან დაკავშირებით ბიზნესს შეკითხვები აქვს.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში 2019 წლის პირველი დეკემბრიდან შედის.
ეს ნიშნავს, რომ კომპანიების ნაწილმა საკუთარი ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებაზე თავად უნდა იზრუნონ. საუბარია, სპეციფიკურ ნარჩენებზე, როგორიცაა - შესაფუთი მასალები, მეორადი საბურავები, პლასტიკი, მეტალი, ზეთები და ა.შ. ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული სისტემა, რომლითაც ეს პროცესი უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ მიუღია დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს - ვინ და რა მეთოდებით შეაგროვებს ნარჩენებს.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ფინანსური მენეჯერი გიორგი ახალაძე bm.ge-თან აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ საკითხზე მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა და მას აქვს შთაბეჭდილება, რომ საკითხი მოუმზადებელია.
“ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული - როგორ უნდა შეგროვდეს ნარჩენები, ვინ უნდა შეაგროვოს, სახლებში როგორ უნდა შეგროვდეს, ცალ-ცალკე უნდა იყოს შეფუთული პლასტიკი, მეტალი, თუ ერთიანად?
თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, ნარჩენების სეპარაცია (განცალკევება) უნდა მოხდეს თავად ოჯახებში. ამისთვის კი,ცნობიერების ამაღლების კუთხით სერიოზული კამპანიაა ჩასატარებელი”,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
“პეპსიკოს” გენერალური დირექტორი ფლორინ რადულესკუ კი აცხადებს, რომ კერძო სექტორის ნაწილს არ ესმის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობა.
ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ბიზნესმა ხელისუფლებას აუხსნას და დაარწმუნოს, რომ ნარჩენების შეგროვების სისტემა კერძო სექტორს უნდა ჩაბარდეს და ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფომ არ უნდა აიღოს - სსიპ-ის ჩამოყალიბებით ან რაიმე სხვა სქემით.
"ხარჯები იქნება ბიზნესისთვის, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილია. ჩვენ ვართ ერთადერთი სექტორი, რომელსაც შეუძლია ამის ეფექტურად განხორციელება. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, უამრავი კარგი ადგილით და არ გვინდა, რომ ეს ადგილები დაბინძურებული ვიხილოთ”,- აცხადებს “პეპსიკოს” ხელმძღვანელი.

























