არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა ხელახლა დაევალა.
"2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის შესახებ 2016 წლის აპრილში დაწყებული განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება - მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.
შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი" ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა”,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

























