მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მწვანე პასპორტი“ თუ გაქვს, სავალდებულო ტესტირება არ უნდა გჭირდებოდეს - „საბას“ დირექტორი

619cfd09f2036
მარიამ ვარადაშვილი
24.11.21 10:30
1462
სავაჭრო ცენტრ “საბას” დამფუძნებელი პაატა კაჭარავა აცხადებს, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან თანამშრომელთა სავალდებულო წესით ტესტირების საკუთარი ხარჯებით დაფინანსება, ბიზნესისთვის ტვირთი იქნება.

პაატა კაჭარავას თქმით, ტესტირების სავარაუდო ხარჯი  ჯერ არ დაუანგარიშიათ, რადგან სწრაფი და PCR ტესტები ამ წესის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა.

“თავისთავად ტვირთი არის. აქ დასაქმებულებისთვის ტესტის ჩატარება მძიმე პროცესი იქნება; ოღონდ ჯერ არ ვიცით რა დაგვიჯდება ეს, რადგან ჩვენ გვემსახურება ჭანტურიას სახელობის კლინიკა და არ ვიცით, რა თანხასთან იქნება დაკავშირებული ეს ყველაფერი”, - აცხადებს ის.

მისივე თქმით, ორ კვირაში ერთხელ დასაქმებულთა 20%-ს სავალდებულო წესით უტარებდნენ ტესტირებას, რაც მათ შემთხვევაში 200-ზე მეტ ადამიანია. პაატა კაჭარავა ამბობს იმასაც, რომ მთავრობის მხრიდან არ აქვთ ინფორმაცია “მწვანე პასპორტის” მქონე პირებს ანუ ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი ან/და აცრილია, შეეხება თუ არა სავალდებულო ტესტირების რეგულაცია.

BMG ამ საკითხის გარკვევას ჯანდაცვის სამინისტროში შეეცადა და პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

“მწვანე პასპორტით” ყველგან გზა ხსნილი გაქვს. თუ ის გაქვს და არაფერი გჭირდება, მაშინ ტესტირებაც არ უნდა გჭირდებოდეს. თუ ტესტირების ვალდებულება ამ კატეგორიის ხალხზე [აცრილები, ვისაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი] მოიხსნება, მაშინ ხარჯიც სხვა იქნება. ვაპირებ, ეს საკითხი ჩვენს გაერთიანებაშიც დავაყენო და მერე მთავრობასაც მივმართვთ. თავად ტესტირების ხარჯები დასაზუსტებელია, რადგან თავიდან სანამ ეს მეთოდი დაინერგებოდა, ტესტის ჩატარების სხვა ფასი იყო, დღეს კი შემცირებულია, ამიტომ, ჯერ არ ვიცით, რა ხარჯებთან იქნება ეს ყველაფერი დაკავშირებული”, - აცხადებს კაჭარავა.

მთავრობის 18 ნოემბრის დადგენილებით, სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულ პირებს კორონავირუსის გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო 1 იანვრამდე დააფინანსებს.

ცვლილების შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემაც დაუდასტურა და განმარტა, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა ჩამონათვალში სპორტული და სავარჯიშო დარბაზებიც შედის ანუ დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო მათაც 2022 წლის 1 იანვრამდე დაუფინანსებს.

ბიზნესსუბიექტებს დასაქმებულთა გატესტვა ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით ევალებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები