"20 კვ.მ ვერტიკალური განაშენიანება, ზუსტად იმ ჟანგბადს მოგვცემს, რასაც ერთი ზრდასრული ხე გვაძლევს“ - აცხადებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე, რომელიც ტოპიარული ვერტიკალური განაშენიანების ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, ახალდარგულ ნერგებს 20-25 წელი სჭირდებათ, რომ მწვანე ფუნქცია სრული დატვირთვით შეასრულონ. ამ პერიოდის დადგომამდე კი უმჯობესი იქნება, თბილისში შენობები და ფასადები ტოპიარული მცენარეებით დაიფაროს, რაც დედაქალაქში დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ფილტრის ფუნქციას შეასრულებს.
„ვერტიკალური ბაღების გაშენება და მისი მოვლა-პატრონობა ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ არსებობს ალტერნატივა. ტოპიარული ვერტიკალური გამწვანება იქნებოდა გამოსავალი, როდესაც მცენარის ძირი არის მიწაში, ტრადიციულად ირგვება, უბრალოდ ვერტიკალურად იზრდება და ფარავს შენობის კედლებს. ერთი სრულფასოვანი ხის სანაცვლოდ 20 კვ.მ. ასეთი ვერტიკალური გამწვანება აბსოლიტურად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც ერთი ზრდასრული ხისგან ვითხოვთ.“ – აცხადებს ნინო გოცაძე.
თბილისში ერთ სულ მოსახლეზე კრიტიკულად მცირე გამწვანებული ტერიტორია მოდის. 2000-იანი წლების დასაწყისში ერთ სულ მოსახლეზე 4.5 კვ.მ გამწვანებული ტერიტორია მოდიოდა, მაშინ როცა განვითარებულ ქალაქებში ეს მაჩვენებელი 20-50 კვ.მ -ს შორის მერყეობს.

























