“My land - ატარე შენი ხმელეთი“ ქართველი ემიგრანტის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი სამკაულების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს რუკის ფორმის ოქროს ნაკეთობებს, სამაჯურებსა და გულსაკიდებს სთავაზობს.
როგორც „My land”-ის დამფუძნებელი რუსო ხაჩიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ბრენდის სამკაულს, როგორც ქართველი, ასევე იტალიელი, რუსი, უკრაინელი ემიგრანტები ყიდულობენ. მისივე თქმით, რეალიზაცია სოციალური ქსელის საშუალებით ხდება. ფასები კი $140-400 ფარგლებში მერყეობს.
„ამერიკაში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მინდოდა ჩემი ემიგრანტი ოჯახისთვის ქართული თემატიკის საჩუქარი შემეძინა, მაშინ ფანტაზიაში ოქროს რუკა შევქმენი, შემდეგ კი ეს საჩუქრად ვაქციე, რუკის ფორმის გულსაკიდი ყველას ძალიან მოეწონა, ადგილობრივი ამერიკელები ჩემს ოჯახის წევრებს ამ სამკაულზე, ინტერესით ეკითხებოდნენ, მოწონება ინსპირაცია გახდა და 2019 წელს, როდესაც საცხოვრებლად ამერიკაში გადავედი ემიგრანტების სურვილების შესწავლის შემდგომ იდეა ბიზნესად ვაქციე. 2020 წელს კი უკვე რეალიზაციაც დავიწყე, პირველი ინვესტიცია, რაც განვახორციელე სახლში არსებული ოქრო იყო, ამ დროისთვის “My land”-ის რუკის ფორმის ოქროს ნაკეთობებს ერთგული მომხმარებელი ჰყავს, არიან ისეთები, რომლებმაც მათთვის ყველა საყვარელი ქვეყნის რუკა შეიძინეს“, - ჰყვება რუსო ხაჩიძე.
„My land”-ი სამომავლოდ გაფართოებასა და ახალი პროდუქტების დამატებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ბრენდს საგანმანათლებლო პროექტი „ისწავლე შენი ხმელეთი“ აქვს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას ოცამდე ბავშვი სწავლობს.

























