მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

My Way Airlines: კონკრეტული ავიაკომპანიების მხრიდან ჩვენი შევიწროვება გრძელდება

5c49cd6963907
სალომე მეცხვარიშვილი
25.01.19 12:16
698
ქართულია ავიაკომპანია My Way Airlines-ის ხელმძღვანელი იგორ აფციაური აცხადებს, რომ კონკრეტული ავიაკომპანიების მხრიდან მათი შევიწროვება გრძელდება.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, კონკრეტული კომპანიები დაინტერესებული არიან, რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენის სიხშირე არ გაიზარდოს.

ამ დროისთვის თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რამდენიმე რუსული ავიაკომპანია ახორციელებს.

“როგორც ვიცი, რუსეთის მხრიდან არაერთხელ იყო დაყენებული ეს საკითხი (ფრენის სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით) გასულ წელსაც და 2017 წელსაც. მათი მოთხოვნა იყო, რომ კიდევ 14 სიხშირე დამატებულიყო ამ მიმართულებას. როგორც ვიცით, ჩვენი მხრიდან პასუხი - არც დადებითი და არც უარყოფითი, არ ყოფილა”,- აცხადებს აფციაური.

კითხვაზე, რატომ იკავებს თავს ქართული მხარე ფრენის სიხშირის გაზრდისგან, იგორ აფციაური პასუხობს:

“ჩვენებს აკავებთ ტრადიციულად ის ზეწოლა ავიაკომპანიების მხრიდან, რომლებსაც არ აწყობთ კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანიის ფუნქციონირება ჩვენს ბაზარზე, მით უმეტეს ისეთ საკვანძო მიმართულებაზე, როგორიც თბილისი-მოსკოვია”,- აცხადებს იგორ აფციაური.

რაც შეეხება საკითხს, როდის აღადგენს ავიაკომპანია ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც ამჟამად შეჩერებულია, იგორ აფციაური ამბობს, რომ ფრენებს ზაფხულის სეზონის გახსნისთანავე დაიწყებენ.

“ფრენები მხოლოდ ზამთრის სეზონზე გაჩერდა. ზაფხულის სეზონიდან დავიწყებთ ფრენების დამატებას ევროპისა და სხვა მიმართულებებით. ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზეც. ფრენების შეჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო გაყიდვების სისტემა, რომლის გამოცვლასაც ველოდებით, 1-2- კვირაში მორჩება ეს პროცესი და შევძლებთ, რომ დავიწყოთ გაყიდვები”,- აცხადებს იგორ აფციაური.

ავიაკომპანია My Way Airlines ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ფრენების დაწყებიდან მალევე, მათ რეგულარული რეისების განხორციელება თითქმის ყველა მიმართულებაზე შეაჩერეს. ამის შესახებ გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი.

ავიაკომპანია ფრენების შეჩერების რამდენიმე მიზეზს ასახელებდა, მათ შორის გაყიდვების სისტემის გაუმართავობას, ბაზრის არასწორ კვლევას, რომლის გამოც მათ ვერ გათვალეს რომელ მიმართულებაზე დაფიქსირდებოდა მომხმარებლის მოთხოვნა.

მათივე ინფორმაციით, ბაზარზე კონკრეტული ავიაკომპანიების მხრიდან მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები