მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

My Way საკუთარ პრობლემებში ადგილობრივ ავიაკომპანიებს ადანაშაულებს, მაგრამ - კონკრეტიკის გარეშე

5c067778bdb13
მაია ბიწაძე
04.12.18 16:47
1104
,,ჩვენი რეისების გაჩერების მიზეზი ძალიან ბევრია, ჯერ-ჯერობით, ყველა მიზეზის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა My Way Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა.

მისი განმარტებით, არის როგორც - ობიექტური და ასევე, სუბიექტური მიზეზები.

მთავარ მიზეზად კი, აფციაურმა საქართველოს ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენცია დაასახელა, რის გამოც ავიაკომპანიას ზაფხულის სეზონი ჩაუვარდა.

,,რაც შეეხება მიზეზებს, რომელიც ჩვენს გამო იყო გამოწვეული - ეს არის გაყიდვების სისტემა, რაც კომპანიის შიდა გადაწყვეტილება იყო და არ გაამართლა. ამ სისტემას მთლიანად ვცვლით, რასაც 2-3 თვე დასჭირდება, გადავალთ ახალ სისტემაზე, რომელიც უფრო ჩვენს ბაზარზე და ევროპის მიმართულებებზეა ადაპტირებული. მეორე მიზეზი, სამწუხაროდ, არის ის, რაც უკრაინაში ხდება, ასევე დაბალი მგზავრთნაკადი, რაზეც ჩვენ ვერ გავაკეთეთ გათვლა. მესამე და მთავარი მიზეზი, კი ის არაჯანსაღი კონკურენციაა, რაც საქართველოს ბაზარზეა, კერძოდ, ის პრობლემები, რაც ჩვენ ადგილობრივმა კონკურენტმა კომპანიებმა შეგვიქმნეს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონი ჩაგვარდნოდა, რის გამოც ძალიან სუსტად შევხვდით ზამთრის სეზონს. გვსურს, მოხდეს ოპტიმიზაცია, ეს პრობლემები მოგვარდეს და ზაფხულის სეზონიდან დავიწყოთ ნორმალური ფუნქციონირება“, - განაცხადა იგორ აფციაურმა bm.ge-თან საუბრისას.

მისივე განმარტებით, თბილისი-თელავივის რეისს საფრთხე არ ემუქრება და ზამთრის სეზონის ბოლომდე ის აუცილებლად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ ევროპის მიმართულებით ყველა რეისის გაუქმების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ავიაკომპანიამ მომავალი წლის მარტის ბოლომდე მოხსნა რეისები თბილისიდან ბუდაპეშტის, რომის, კიევისა და ათენის მიმართულებით.

თბილისი-ათენის რეისი ავიაკომპანიას დეკემბრის ბოლოდან უნდა დაეწყო, რეისებს რომისა და ბუდაპეშტის მიმართულებით ის 28 ოქტომბირდან ასრულებდა, კიევში კი - 4 ოქტომბრიდან.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები