მყინვარული ხეობების შესწავლისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 5 180 000 ლარი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილისთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდა მყინვარული ხეობების მონიტორინგი, სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ანგარიშის მომზადება.
გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას გეგმავს. კვლევების მიზანი მყინვარულ ხეობებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო სტიქიური მოვლენებისგან უარყოფითი შედეგების მაქსიმალური შერბილებაა. კვლევებს საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG ასრულებს, რომელთანაც ხელშეკრულება წელს გაფორმდა.
ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება კვლევები, მომდევნო თვის განმავლობაში კი კონკრეტული, პოტენციური გლაციალური საფრთხისა და მასთან არსებული ცხელი წერტილის იდენტიფიცირებაა დაგეგმილი, რომლის შემდეგაც, შვეიცარიული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და სააგენტოს საბოლოო დოკუმენტს წარუდგენს.