Myvideo: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სატელევიზიო რეკლამის ბაზრის წილი მიიტაცა
BM.GE
02.07.18 21:03
• 1357
Myvideo განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებრვ მაუწყებელს პასუხობს. კერძოდ საქმე ეხება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებას. საზოგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ, რომ FIFA-ს რეგულაციების თანახმად, მათ უფლება აქვთ მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე განახორციელონ ჩემპიონატის ტრანსლაცია. Myvideo-ში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის წილის, უსამართლო გზებით მიტაცებას.
“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება, სრულიად უსამართლოდ სატელევიზიო რეკლამის ბაზრის წილი მიიტაცა, რის შედეგადაც დააზარალა ყველა კომერციული ტელევიზია, მათ შორის მცირე და რეგიონალური ტელევიზიები, რომლებიც ფაქტობრივად, დასახურად გაწირა. დღეს, დავდექით ფაქტის წინაშე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის წილის, უსამართლო გზებით მიტაცებას. საზოგადოებრივ მაუწყებელს, კანონით რეკლამის გაყიდვის უფლება აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა არ უნდა, ან არ შეუძლია. მიზნის მისაღწევად, მათ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროვება განიზრახეს, რაშიც მათ აქტიურად ეხმარება, კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
უფრო კონკრეტულად:
2018 წლის, 1 ივნისს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გამოაგზავნა სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ myvideo-ზე ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, შეწყდეს პირველი და მეორე არხის ჩვენება, ანუ მარტივი ენით: მხოლოდ მაივიდეოზე არ ვაჩვენოთ ფეხბურთი ჩვენს მომხმარებელს. მოგახსენებთ, რომ ამ აბსურდული მოთხოვნის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოიტანა კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ სრულად. რაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთოდ არ მოუთხოვია
(სრულ გათიშვაზეა საუბარი). ჩვენი პოზიცია არის მარტივი და გასაგები.
კანონით myvideo, არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია, როგორიც არის მაგთი TV, სილკ TV და ასობით სხვა საკაბელო და ციფრული ტელევიზია. არცერთ მაუწყებელს, მითუმეტეს საზოგარდოებრივს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება და რომლის პირდაპირი მოვალეობაა მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონის მიხედვით არ აქვს უფლება მოახდინოს განსხვავებული პირობების დაწესება, რომელიმე ცალკეული ტრანზიტორისათვის. ზუსტად აქედან გამომდინარეობს მათი მოთხოვნის დისკრიმინაციულობა.
myvideo არის ერთადერთი ქართული სოცილური მედია პროექტი, რომელსაც ჰყავს ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას, ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არ დავტოვებთ მილიონობით მაყურებელს ფეხბურთის გარეშე! „, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
თავის მხრივ საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, Myvideo-მ უნდა შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტი გაურკვეველი წყაროდან.
პირველი არხის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარ პლატფორმებზე (ტელევიზია, ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია)ფლობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მატჩების მაღალი ხარისხით ტრანსლირებას მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შესაძლებელი საშუალებით (სატელიტი,ტერესტრიალური მაუწყებლობა, IPTV, Webდა სხვა). შესაბამისად, ლოგიკას მოკლებულია სს „აი თი დი სის“ საკუთრებაში არსებული პორტალის myvideo.ge-ს პოზიცია, იდავოს იმ პროდუქციის ტრანზიტზე, რომელზეც ლიცენზია მას არ ეკუთვნის. უფრო მეტიც, ამ აბსურდულ ინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და ემსახურება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და myvideo.ge-ს შორის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა. სამწუხაროდ, კომპანიამ უგულვებელყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა მოთხოვნა და კვლავ აგრძელებს ე.წ. პირატულ ტრანზიტს.
FIFA-ს რეგულაციების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე განახორციელოს ჩემპიონატის ტრანსლაცია, ამავდროულად დაემორჩილოს კონტრაქტით ნაკისრ მკაცრ ვალდებულებებს (ტრანსლაციის ფარგლებში რეკლამის განთავსება, საქართველოს გარეთ სიგნალის გადაცემის შეზღუდვა (Geoblocking) და ა.შ.).
აღნიშნული საკითხის შესახებ არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, Myvideo.ge-მ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტი გაურკვეველი წყაროდან, განახორციელოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალის ტრანზიტი (შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ) მოდიფიცირების გარეშე, უცვლელად, რადგან პირველი არხი თავად განსაზღვრავს სხვადასხვა პლატფორმაზე საკუთარი კონტენტის მიწოდების პირობებს არადისკრიმაციული მიდგომის პრინციპის დაცვით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, დაიცვას მაყურებლის უფლება, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორებთან ნაკისრი ვალდებულებები, იზრუნოს ქვეყნის იმიჯზე და უზრუნველყოს ე.წ. პირატული გზებით ექსკლუზიური პროდუქტის უკანონო და არამართლზომიერი ფაქტების აღმოფხვრა“, – ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.
კომპანია Myvideo.ge-ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია დღეს გამართეს და განაცხადეს, რომ პირველი და მეორე არხების გათიშვასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ და სასამართლოს მიმართავენ“, - განმარტავენ საზოგადოებრივ მაუწყებელში.