კომპანია MyWay Airlines ფრენის შეწყვეტის მიზეზებზე საუბრობს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი იგორ აფციაური აცხადებს, ამის სამი მიზეზი არსებობდა, ერთ ერთი კი იყო არაჯანსაღი კონკურენცია, რომელსაც ისინი ბაზარზე წააწყდნენ.
„ერთ-ერთი მიზეზი იყო არაჯანსაღი კონკურენციის პირობები, რომელსაც ბაზარზე წავაწყდით ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან, როდესაც გარკვეული კომპანიების გამო, სამწუხაროდ, ხდებოდა ზეწოლა სახელმწიფო ორგანოებზე, რომ ჩვენთვის არ მოეცათ ნებართვები ფრენებისთვის, არ გვეფრინა იმ მიმართულებებით, სადაც უკვე იყო რეისები საქართველოდან“,- აცხადებს აფციაური.
მისი თქმით, სწორედ ამ შეფერხებების გამო ვერ მოახერხა კომპანიამ ფრენების დაწყება მარტიდან და მხოლოდ ივნისიდან შეძლო რეგულარული რეისების განხორციელება.
„ფაქტიურად მთელი ზაფხულის სეზონი ჩაგვივარდა, რაც მთავარი სეზონია ავიაკომპანიისთვის“,- ამბობს აფციაური.
კითხვაზე, რომელ კომპანიებს გულისხმობს ის, აფციაური არ აკონკრეტებს.
„მე კონკრეტულად არ დავასახელებ კომპანიას თუ კომპანიებს. ისინი უკვე არსებობს ბაზარზე. არის ისეთებიც, რომლებსაც უნდოდათ შემოსვლა, ამიტომ მე მათ არ დავასახელებ. მაგრამ ვინც ჩახედულია ამ სფეროში, საქართველოა, ყველამ ყველაფერი იცის...“,- ამბობს აფციაური.
რაც შეეხება სხვა მიზეზებს, მისი განცხადებით, კომპანია ზამთარში უფრო მაღალ მგზავრთნაკადს ელოდებოდა და მათი მოლოდინი არ გამართლდა. ასევე, იგორ აფციაურის თქმით, პრობლემა შექმნა გაყიდვების სისტემამ, რომლის ადაპტირება კომპანიამ ვერ მოახერხა.
რაც შეეხება მთავარ შეკითხვას, რას უპირებს ავიაკომპანია იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები გაუქმებულ რეისებზე? My Way Airlines-ში აცხადებენ, რომ ისინი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებეზე უარს არ იტყვიან და ყველა მომხმარებელს დააკმაყოფილებენ. მათივე თქმით, საუბარია დაახლოებით 1000 გაყიდულ ბილეთზე.