20-წლიანი მმართველობის შემდეგ, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ღაზას სექტორზე პოლიტიკური კონტროლი დათმო და რეგიონში მმართველობის გადაბარება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ დროებით ადმინისტრაცია NCAG-ს შესთავაზა. საყურადღებოა, რომ უსაფრთხოებაზე კონტროლის დათმობის მიუხედავად, დაჯგუფებას ცალმხრივად განიარაღების პირობა არ დაუდია. ეს კი ამერიკული და ისრაელური მხარეების მთავარ მოთხოვნას ეწინააღმდეგება.
"ჰამასის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ალ-ფარამ დაკავებული თანამდებობა უკვე დატოვა. დაჯგუფებამ სექტორის პოლიტიკური მართვა შეწყვიტა, თუმცა საჯარო მოხელეები საკუთარ პოზიციებზე ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე დარჩებიან. მოგვიანებით, "ჰამასის" სპიკერმა, ჰაზემ ქასემმა განმარტა, რომ ორგანიზაციამ ეს ნაბიჯი ისრაელის აგრესიისა და საოკუპაციო მიზნებისთვის საბაბის გასაქრობად გადადგა.
"ამ ნაბიჯით პრეზიდენტი ტრამპი დაინახავს, რომ ჩვენ რეალურად ვართ ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვით დაინტერესებული" - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ამჟამინდელ, დროებით მმართველ ადმინისტრაციას, ის ადგილზე არ იმყოფება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში იანვარში შექმნილი 13-წევრიანი კომიტეტი საკითხებს დროებით კაიროდან მართავს. ადგილზე ჩასვლა კი იმიტომაა შეუძლებელი, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ მათ ღაზის სექტორში შესვლა აუკრძალა.
თავის მხრივ, NCAG-ის თავმჯდომარემ, ალი შაათმა განაცხადა, რომ კომიტეტი ეროვნული პასუხისმგებლობის ასაღებად სრულად მზად არის.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებულმა "მშვიდობის საბჭომ" ჰამასის გადაწყვეტილება უკვე განიხილა და ტერორისტულ ორგანიზაციას სრული განიარაღება მოსთხოვა. კომიტეტის განცხადებით, ღაზას სექტორში ვითარება მხოლოდ მაშინ განიმუხტება, როცა ზონის მართვა ერთიანი შეიარაღებული ძალების ხელში გადავა.
ცნობისთვის, ღაზის სექტორში 2.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რეგიონში კი უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ტერიტორიაზე მედიკამენტებისა და საწვავის მიწოდება კვლავ კრიტიკულად შეზღუდულია.




























