მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მზად ვართ მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ“ - თურნავა Camille Bloch-ის პრეზიდენტს შეხვდა

6139afb45e3cd
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 11:33
731
„ევროპელ ინვესტორებსა და ინვესტიციას ტექნოლოგიების დანერგვით სიკეთე მოაქვთ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Camille Bloch -ის პრეზიდენტ დანიელ ბლოხთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ შეხვედრაზე საუბარი კომპანიას და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეეხო.

ნათია თურნავას თქმით, კომპანიამ სწორედ საქართველო შეარჩია იმ პლატფორმად, სადაც რამდენიმე ათეულ ჰექტარზე ინოვაციური მეთოდით გაშენებული თხილის პლანტაცია ექნებათ და ათობით ადამიანს დაასაქმებენ.

„ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მათ შორის დასაქმებული ადამიანების დატრენინგებასა და ახალი ცოდნის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. ეს, ზოგადად, ის სიკეთეა, რაც ევროპელ ინვესტორებსა და ევროპულ ინვესტიციებს საქართველოსთვის არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და ინვესტიციით, არამედ ახალი ცოდნის, ახალი ტექნოლოგიის დანერგვით მოაქვთ, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში ესოდენ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შოკოლადის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ Camille Bloch კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 50 ჰა მიწის ფართობზე, ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. კომპანია თხილის პირველ მოსავალს 2025 წლისთვის ელოდება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ შვეიცარიულმა კომპანია „კამილ ბლოხმა“ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდისა და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით მიიღო. სააგენტო აგრძელებს კომპანიის მხარდაჭერას და ეხმარება ინვესტორს პროექტის განხორციელებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები