მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მზად ვართ სსფ-ის მოსაზრებები გავიზიაროთ, მაგრამ მყარად ვდგავართ იმ კურსზე, რომელიც არის ენერგოდამოუკიდებლობა"

58240ad65a8aa
დავით ჯალაღონია
10.11.16 09:48
1355
ენერგეტიკის სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებების გასაზიარებლად მზად არის. ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი საქართველოში სსფ-ის წარმომადგენლის ფრანსუა პეჰშოს მიერ "ბიზნესკონტრაქტთან" ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩო ჩამოაყალიბოს, რომელიც კერძო პროექტებში სახელმწიფოს თანაპარტნიორად შესვლას განსაზღვრავს.

"ის წუხვები, რაც მათ გააჩნიათ, გამომდინარეობდა იმ მასშტაბებიდან, რომელზეც დღეს ენეგეტიკა გავიდა. ჩვენი ამოცანა არის ჯამურად, 4000 მეგავატზე მეტი სიმძლავრის სადგურების განვითარება, რაც საერთო ჯამში, 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, შესაბამისად ყველა საფინანსო ორგანიზაციამაც გვთხოვა, თვითონაც იყვნენ ჩართულები უფრო მეტად, როდესაც ახალი სადგურების განვითარება მოხდება და მეტი წვდომა ჰქონდეთ იმ ინფორმაციაზე, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო ამ სადგურების განვითარებას. რა თქმა უნდა, ასეთი დონის ინვესტიციებს, მშენებლობებს, უდიდესი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის, მზად ვართ, გავიზიაროთ მათი მოსაზრებები, მაგრამ ასევე მყარად ვდგავართ იმ კურსზე, რომელიც არის ენერგოდამოუკიდებლობა და ახალი მშენებლობები საქართველოში. ამიტომ ეს ორი საკითხი უნდა მოვიყვანოთ თანხვედრაში და ისე განვავითაროთ, რომ მათაც არ შეექმნათ პრობლემები და ჩვენ ჩვენი მიზნები შევასრულოთ", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ამავე კონტექსტში მან სამომავლოდ, ხუდონჰესის მშენებლობის პროცესში სსფ-ის როლზე გააკეთა განმარტება.

"ხუდონჰესი არის სადგური, რომელსაც უდიდესი გავლენა ექნება ზოგადად ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობაზე, მაგრამ ასევე უდიდესი გავლენა ექნება სხვადასხვა კუთხით ჩვენს ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე, შესაბამისად მზად ვართ, რომ კიდევ ყველა წვდომა მივცეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, სანამ საბოლოოდ მშენებლობის გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ, რომ ისინი დარწმუნდნენ - ჩვენ არაფერს ისეთს არ გავკეთებთ, რომელიც ჩვენი ეკონომიკისა და ენერგეტიკისთვის სიკეთეს არ მოიტანს", - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმების არ არსებობა, ფრანსუა პეშომ სავალუტო ფონდის მიმოხილვების დაუსრულებლობის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები