მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მზად ვართ უახლოეს დროში ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის"

57ee00bb5ba80
BM.GE
30.09.16 09:57
1013
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა და ჩვენ მზად ვართ უახლოეს დროში ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 67-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და ღონისძიების მასპინძელს, ჩინეთის ელჩს საქართველოში, ძი იანჩის, ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ორი ქვეყნის ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დღეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს სანდო და ფასდაუდებელი პარტნიორია.

"წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. ჩვენი მზარდი ურთიერთობების განმტკიცების ერთ-ერთი გამოხატულება იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის, ჭან გაოლის საქართველოში ჩამობრძანება, ასეთი მაღალი რანგის პირველი ოფიციალური ვიზიტით. გარდა ამისა, რასაკვირველია, უნდა აღვნიშნოთ თავისუფალი ვაჭრობის ეპოქალური მნიშვნელობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, რომელიც მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთი უკვე არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველო ამაყობს, რომ პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებები წამოიწყო და დაასრულა.

„ეს ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება წაახალისებს ბიზნესისა და ვაჭრობის მოცულობას ორივე ქვეყანაში და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას ჩინური მხარის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. აბრეშუმის გზის აღდგენა უკვე აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და იყენებს საქართველოს, როგორც ევროპისა და ჩინეთის კარიბჭის, უზარმაზარ პოტენციალს. ახალი აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით ჩვენი ერთიანი ხედვის ხორცშესხმაზე ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები