მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელის ალეკო პაპავას ინფორმაციით, ევროკავშირში ექსპორტისთვის დაახლოებით 40 ტონა თაფლი მზადდება.
როგორც მან bm.ge-სთან განაცხადა, საექსპორტო ბაზრებს შორის არის ნორვეგია და შესაძლოა, ესპანეთიც. ასევე, მზადდება პარტია ერაყში გასაგზავნად.
"მზადდება თაფლის პარტიები, რომელიც საექსპორტოდ ევროკავშირში გავა. თაფლის შეგროვება მიდის ახლა, მეფუტკრეები თაფლს წურავენ, მიდის ჩაბარება, ჰომოგენიზაცია და ჩემი ვარაუდით, 40 ტონა თაფლი მაინც უნდა გავიდეს, დაახლოებით ერთ თვეში. როგორ მოსწრება ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ფასი დაახლოებით იქნება 4-დან 5 ევრომდე. ევროპაში ჩვენი თაფლით ხარისხის გამო ინტერესდებიან",- აღნიშნავს ალეკო პაპავა.
ბოლო წლებში საქართველოდან თაფლის ექსპორტი კლებადია. 2024 წელს მხოლოდ 271 150 აშშ დოლარის 34 ტონა თაფლი გავიტანეთ უცხოეთში, 2023 წელს 762 060 აშშ დოლარის 110 ტონა, 2022 წელს კი - 1,1 მლნ აშშ დოლარის 258 ტონა. საექსპორტო ქვეყნები 2024 წელს ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი და აშშ იყო. გასულ წელს მხოლოდ 1 ტონა გავიდა ევროკავშირის ბაზარზე, როცა მაგალითად 2022 წელს 210 ტონა თაფლი გავიტანეთ ევროპაში. 2025 წლის მონაცემებით კი ევროკავშირში უმნიშვნელო ოდენობის, 0.2 ტონა ($2 100-ის) თაფლი გავიდა. წელს, ჯამურად 0.8 ტონა თაფლია ექსპორტირებული ($13 700-ის).




























