მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზადება covid19-ის კრიზისიდან გამოსასვლელად - ვორკშოპი ქართული ბიზნესისთვის

5e9f0d08a4d86
BM.GE
16.04.20 12:01
949
“აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” ორგანიზებით, პროექტის ბენეფიციარებს სემინარი უტარდებათ თემაზე: მზადება COVID19- ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად და ევროკავშირის ქვეყნებთან საქმიანი კომუნიკაციის დამყარება. სემინარს ატარებს ჯეიმს ფიტსფატრიკი, ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, რომელიც უკვე 30 წელია ამ ინდუსტრიაში წარმატებით მოღვაწეობს და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს გლობალურ ბაზრებზე წვდომასა და გაყიდვების შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება.

ვორკშოპში თორმეტი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის ბენეფიციარები არიან.

პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მსოფლიო ბაზრებთან კავშირის დამყარების ხელშეწყობაა.

დღევანდელ ვორკშოპზე რამდენიმე თემა იქნება განხილული, მათ შორის: COVID19-ის პირობებში ევროკავშირის ბაზარზე არსებული ტენდენციები; 2019 წელს ორგანული პროდუქტების მწარმოებელი ბენეფიციარი კომპანიების აქტივობები და შედეგები; როგორ უნდა დაამყარონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა სწორი კომუნიკაცია მიზნობრივ აუდიტორიასთან და რა უნდა იცოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ მყიდველებთან (B2B ფორმატში) საქმიანი ურთიერთობის საწარმოებლად.

გარდა ამისა, სემინარზე განხილული იქნება სამომავლო გეგმებიც, მათ შორის, სავაჭრო მისია ევროკავშირის მიმართულებით (ჰოლანდიაში, გერმანიასა და ბელგიაში), რომელიც ბენეფიციარი კომპანიებისთვის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

“აღნიშნულ ვორკშოპში მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს ევროპის ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი COVID19-ის პირობებში. ბენეფიციარები მიიღებენ კონსულტაციას, თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ მომხმარებელთან კომუნიკაცია და, ასევე, მიიღებენ დამატებით ინფორმაციას ევროკავშირის ბაზარზე არსებულ მსხვილი შემსყიდვლების მოთხოვნებზე.” - აღნიშნავს კონსტანტინე მდინარაძე, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის კოორდინატორი.

პროექტი “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” მცირე და საშუალო საწარმოებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხისა და სტანდარტების განსაზღვრასა და შესრულებაში უწყობს ხელს, რათა მათ ახალი ბაზრების ათვისება და თავიანთი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანა შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები