სამშენებლო მასალები, ქვიშა, ხრეში, მოსაპირკეთებელი და დეკორატიული ქვები, ფილები, ინტერიერის და ექსტერიერის კარი, მწვანე ნარგავები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა - ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მომხმარებელს მშენებლობისა და რემონტის ელექტრონული კომერციის პლატფორმა Bomo.ge სთავაზობს.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პლატფორმის დამფუძნებელმა მაია ზავრაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ Bomo.ge ერთი წლის წინ ამოქმედდა, სწრაფი ტემპით იზრდება როგორც მომხმარებლის რიცხვი, ისე მომწოდებელთა რაოდენობა.
„შესაბამისად, მზარდია გაყიდვებიც და შემოსავლებიც“, - ამბობს მაია ზავრაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, Bomo.ge-ის სერვისით არა მხოლოდ საცალო მომხმარებლები სარგებლობენ, არამედ - კერძო სექტორიც.
„Bomo სწრაფად მასშტაბირდა... ბიზნესი ცდილობს შესყიდვების პროცესი გაიმარტივოს, რის საშუაალებასაც bomo-ზე ვაჭრობა იძლევა. ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. გვაქვს საინტერესო ბიზნეს მოდელი - პირდაპირი კავშირი მომწოდებლიდან მომხმარებლამდე, რაც გვიიაფებს პროდუქციას და საშუალებას გვაძლევს, სასურველი საქონელი მომხმარებელს დაბალ ფასად მივაწოდოთ“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.
მისივე თქმით, Bomo-ს თავისი საწყობიც აქვს თბილისში, რათა მომხმარებლებმა, სურვილის შემთხვევაში, პროდუქცია ადგილზე დაათვალიერონ.
„სასაწყობე ინფრასტრუქტურა სწრაფად გავაკეთეთ, რადგან გარკვეული კატეგორიის მასალებში ამის საჭიროება დავინახეთ, როცა მომხმარებელს სურს, ადგილზე მოვიდეს და ვიზუალურად ნახოს პროდუქცია“, - დასძინა მაია ზავრაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ მართალია, საწყობი მხოლოდ თბილისში აქვთ, თუმცა პროდუქციის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფენ.
მაია ზავრაშვილი კომპანია „ჯორჯიან მაინინგ პროდაქთსის“ დამფუძნებელიცაა და როგორც „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სწორედ bomo-ს პლატფორმაზე კლიენტების მხრიდან ინერტულ მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ უბიძგა, კასპის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალების მოპოვება დაეწყოთ.
„კასპის მუნიციპალიტეტში შევიძინეთ საბადო, სადაც განვავითარეთ ჩვენი ინფრასტრუქტურა. მოპოვების ლიცენზია და სხვა საჭირო ნებართვები უკვე გვაქვს. უახლესი ტექნიკა-დანადგარები დაინსტალირდება; ინერტული მასალების მოპოვების პროცესი 2-3 კვირაში დაიწყება და ადგილზე გადავამუშავებთ. ჩვენი [Bomo] მომხმარებლის ძირითადი ნაწილი ცდილობს, გამარტივებულად, ონლაინ შეიძინოს ინერტული მასალები და ჩავთვალეთ, რადგან მოთხოვნა არის, ჩვენვე დაგვეწყო მოპოვება და წარმოება“, - განაცხადა მაია ზავრაშვილმა.